თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი გოლკიპერი ოლივერ კანი კარიერაშივე იქცა ლეგენდად. მას მთელ საფეხბურთო სამყაროში ახლაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ოლის გულშემატკივრები არც საქართველოში აკლია და პირველ რიგში მათ დააინტერესებთ მასალა, რომელსაც ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი დღეიდან გთავაზობთ. ეს გახლავთ კანის ავტობიოგრაფიული წიგნის “ნომერი ერთი” – ამონარიდები. გერმანელი კიპერი წიგნში განვლილ პერიოდზე, წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე, სხვადასხვა გრძნობებსა და განცდებზე მოგვითხრობს. “ნომერი ერთი” გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად. დღეს წარმოგიდგენთ წიგნის ერთ-ერთ თავს სახელწოდბით – “ბურთი”.
“ბურთთან გარკვეულწილად შიზოფრენული დამოკიდებულება ნებისმიერ გოლკიპერს გააჩნია. ერთის მხრივ, მეკარეს ძალიან სიამოვნებს, როცა ბურთს ხელებში აფიქსირებს და ბადეში გახვევის საშუალებას არ აძლევს. ამ დროს იგი ბურთისადმი სიყვარულით იმსჭვალება. მეორე მხრივ კი, საშინელი ზიზღი იბუდებს გოლკიპერში, როცა იგი ხედავს, თუ როგორ გაბედა ტყავის ნაგლეჯმა ორ ძელს შორის მაგიური ხაზის გადაკვეთა. ბურთს ხშირად ვეხვევი და პატარა ბავშვივით ვარწევ. თუ იგი ხელებით მაქვს ჩაბღაუჯებული, თავი სამოთხეში მგონია, მაგრამ როცა მის დაჭერას ვერ ვახერხებ, ფეხქვეშ ნიადაგი მეცლება და უფსკრულისკენ მივექანები.
ზოგ მაყურებელს ჰგონია, რომ ბურთს ვესაუბრები. შეიძლება ასეც მოგეჩვენოთ, როდესაც რთულ დარტყმას ბურთის ხელში დაჭერით ვანეიტრალებ და მას შუბლით ვეყრდნობი. ამ მომენტში ჩვენს შორის თითქოს ტელეპათიური კავშირი მყარდება და ჩემი თვალები ამბობენ: “უკვე დაგიჭირე, მეგობარო, ვეღარსად გამექცევი”. თამაშის დაძაბულ წუთებში რაღაც კოსმიური, გაუცნობიერებელი პროცესები მიმდინარეობს. ბურთი ცოცხალ არსებად გადაიქცევა ხოლმე და შენ მას პირისპირ ესაუბრები.
ბურთი ჩემი ნადავლია, რომელსაც მუდამ ჩასაფრებული ვადევნებ თვალს. მატჩის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში უფლება არ მაქვს თვალი მოვწყვიტო, მაშინაც კი, როცა ის მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზეა. ჰოდა, რა გასაკვირია, ყოველივე ამის შემდეგ ბურთთან განსაკუთრებული ურთიერთობა რომ გიყალიბდება. იგი თითქმის შენი ნათესავი ხდება.
ყველაზე საშინელება ისაა, როცა მატჩის ნახევარი ისე მიილევა, ჩემი ნადავლისთვის ხელიც კი არ მაქვს შეხებული. ვდგავარ კარში და არაფერი არ ხდება. ამ დროს შიშის გრძნობა მეუფლება: მე ვიყინები, შეიძლება შეცდომა დავუშვა, რასაც მერე საშინლად ვინანებ. სწორედაც მერე ვინანებ და არა მატჩის მიმდინარეობის დროს. კარგ და ცუდ გოლკიპერს შორის განსხვავება სწორედაც ისაა, რომ კარგი მეკარე შეცდომის დაშვებას შემდეგ თამაშს ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა, ცუდი კიპერი კი პირიქით, გოლის გაშვების შემდეგ კვდება. მატჩის მიმდინარეობისას ზედმეტი ფიქრი დაუშვებელია, ყურადღება გეფანტება. შენ დიდი მენტალური ძალა გესაჭიროება (ახლა ისე ვლაპარაკობ, თითქოს “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟი ვიყო), რომელიც თამაშში დაგაბრუნებს”.
ავტორი: ბექა დოგრაშვილი







იანვარი 6, 2012 at 6:54 პმ
!
ივნისი 21, 2012 at 12:10 პმ
კიდეეეეეეეეე დადეთ თარგმნეთ ვაბშე ეგ წიგნიიიიიიიიი gTxovTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTTT
ივნისი 21, 2012 at 5:53 პმ
აქ შეგიძლია ნახო ყველა თავი, რომელიც ჩვენთან დაიდო:
http://fanebi.com/?s=%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98+-+%22%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%22+%28%22%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%22%29&x=7&y=5