10-კაციანმა „დინამომ“ „გაბალა“ დაამარცხა
უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანული „გაბალა“ რთულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
თამაში მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის პირველ მონაკვეთში უპირატესობას „დინამოელები“ ფლობდნენ, თუმცა პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ – მე-3 წუთზე ჰრდლიჩკამ კარის ხასზე რაფაელის თავური ხელში აიღო. პირველი სახიფათო დარტყმით გეგუჩაძის ფეხბურთელები მე-9 წუთზე გამოირჩნენ – მეტოქის კარს ჯაბა ჯიღაურმა დაუმიზნა. 32-ე წუთზე „გაბალას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან მოხსნაეს. 37-ე წუთზე „დინამოს“ რიგებში გამორჩეულმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად დაარტყა -სამწუხაროდ, ბურთი „გაბალას“ კარის ძელს მოხვდა. 41-ე წუთზე ალექსეი ანტონოვი ფლანგიდან პასს გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა ვერ მოასწრო – არადა, დარტყმის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გოლი გავიდოდა, რადგან „დინამოს“ უკვე ცარიელი აღმოჩნდა. სამ წუთში, ანტონოვის პასის შემდეგ, რიკარდინიუმ გოლის გატანა ვერ შეძლო, სათქმელია, რომ „გაბალას“ მოთამაშეებმა ამჯერადაც ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.
მეორე ტაიმი მასპინძელთათვის მძიმედ დაიწყო, უკვე 51-ე წუთზე მოედნის ცენტრში მეტოქის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა გიორგი გველესიანს პრიდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. შესაბამისად, გია გეგუჩაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა გამოჩნდა. 61-ე წუთზე მოედანი გიორგი ქვილითაიამ დატოვა, მისი ადგილი კი ალექსანდრე იაშვილმა დაიკავა, რომლის გამოსვლამ ტრიბუნებზე დიდი ემოცია გამოიწვია. უკვე სამ წუთში ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა – 1:0! ცოტა ხანში მსგავსი მომენტი იაშვილსაც შეექმნა, მან დაახლოებით იგივე პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე ბეზოტოსნიმ მოიგერია. 74-ე წუთზე ჯაფიდ ჰუსეინოვმა ჰაერში ერთი შეხებით შორიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. ოთხ წუთში მსაჯმა „გაბალას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა – ბურთთან მათე ცინცაძე მივიდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, ხუთ წუთში „დინამომ“ თავისი მომენტის გამოყენება მოახერხა – აქტიურმა პაპუნაშვილმა მეკარე უშანსოდ დატოვა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა. დარჩენილ დროში „გაბალა“ მეტოქის ნახევარზე იყო, მაგრამ სახიფათო მომენტებით ვერ გამორჩეულა.
საბოლოოდ, 2:1 და ორმატჩიანი რაუნდის ბედი გაბალაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 9 ივლისს შედგება.
„დინამო“ – „გაბალა“ 2:1 (0:0)
გოლები: ჯიღაური 64′, პაპუნაშვილი 83′ – ჰუსეინოვი 74′
„დინამო“: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ჭელიძე, გველესიანი, ტვილდიანი, ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი (პარუნაშვილი 78′), კიტეიშვილი (რენე 53′), პაპუნაშვილი, ქვილითაია (იაშვილი 61′).
„გაბალა“: ბეზოტოსნილი, აბასოვი, ვერნიბუდი, სანტოსი, დასდამიროვი (დოდო 73′), ფლორესკუ (სადიღოვი 71′), ზენიოვი, ჰუსეინოვი, გაი, რიჩარდინიო, ანტონოვი.
გაფრთხილებები: იაშვილი 81′ – ფლორესკუ 36′, ვერნიდუბი 69′
გაძევება: გველესიანი 51′