შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ქართველი ფეხბურთელები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქართველი ფეხბურთელები დააკავა. როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები არიან “სტუ თბილისის” პრეზიდენტი, საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი, ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი და ხარაგაულის “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”, – აცხადებს შსს.