„საბურთალომ“ „ცხინვალს“ სძლია
გუშინ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასულმა „საბურთალომ“ „ბენდელაზე“ „ცხინვალთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. „საბურთალოელები“ სპეციალურად ამ მატჩისთვის დუშეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც შეკრებას გადიან. გუნდი ამ შეხვედრისთვის დედაქალაქში ერთი დღის დაბრუნდა, დღეს კი კვლავ დუშეთში ჩავა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს.
შეხვედრა „საბურთალოს“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მე-11 წუთზე ანგარიში „ცხინვალმა“ გახსნა – გოლი ქოჩლაძემ გაიტანა. ცოტა ხანში „ცხინვალის“ კარის დარაჯმა ომარ მიგინეიშვილმა თავის საჯარიმოში გურამ გოშთელიანი წააქცია, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მსაჯთან კამათის შემდეგ მეკარემ არბიტრს სიტყვიაერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. იმის გამო, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, „ცხინვალი“ მოედანზე 11 ფეხბურთელით დარჩა, მიგინეიშვილის ადგილი კი გიორგი ნადირაძემ დაიკავა. პენალტის ნიშნულთან გიორგი ხარაიშვილს ანგარიშის გათანაბრება არ გაუჭირდა – ამ გოლით მან თავისი მე-19 დაბადების დღე აღიშნა.
62-ე წუთზე „საბურთალო“ ჯაბა დვალმა დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.