ალექსანდრე ჩივაძე: „ცხრა ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია“
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დასრულებისა და სათამაშო კალენდრის დადგენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ალექსანდრე ჩივაძემ.
„ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. მითუმეტეს, ესპანეთს, რომელსაც ყველა ასაკში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ცხრა ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
კალენდრით კმაყოფილი ვარ. როცა მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ყველაფერი შეთანხმებულად გავაკეთეთ.
რა თქმა უნდა, მუშაობას დღეიდან შევუდგებით და მარტში უკვე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. ბატონი ოთარ გაბელია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენთან ერთად იმუშავებს“ – განაცხადა ჩივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-6 ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან-მარინოს ნაკრები გუნდები იქნებიან. ევროშესარჩევის პირველ მატჩს კი, საქართველოს ნაკრები 3 ივნისს, სან-მარინოში ჩაატარებს.
სფფ-ის პრესსამსახური