ამბერკი ინჯიბაშვილი: “ქართული ფეხბურთის სტილი უკრაინულისგან განსხვავდება”
უკრაინის მოქალაქეობის მქონდა ამბერკი ინჯიბაშვილი სამშობლოს დაუბრუნდა და მეორე წრიდან კარიერას “გაგრაში” გააგრძელებს. Fanebi.com სამშობლოში დაბრუნებულ 23 წლის ფეხბურთელს გაესაუბრა.
– მოგვიყევით თქვენს შესახებ… ფეხბურთის თამაში სად დაიწყეთ?
– საქართველოში, კერძოდ კი ოზურგეთში დავიბადე. შემდეგ ფოთში გადავედით, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები ლერი ცირამუა და ზაზა ინაშვილი იყვნენ.
– უკრაინაში როგორ აღმოჩნდით?
– მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც მშობლებთან ერთად უკრაინაში, ქალაქ დნეპროდერჟინსკში გადავედით საცხოვრებლად და თამაშიც აქ გავაგრძელე. უკრაინაში “ედნისტის”, ნოვა კახოვკას “ენერგიას” და კიევის “ობოლონ-ბროვარის” შემადგენლობაში მითამაშია.
– საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებდით თვალყურს?
– რა თქმა უნდა, საქართველო ჩემი სამშობლოა და ყოველთვის მაინტერესებდა აქაური ვითარება. უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება… დაბრუნება გადავწყვიტე და ირაკლი ხვედელიანის დახმარებით “გაგრაში” აღმოვჩნდი.
– როგორ შეაფასებდით ახალ გუნდს?
– საქართველოში ფეხბურთის სტილი უკრაინულისგან განსხვავებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ მალევე ავუღებ ალღოს. “გაგრაში” ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, სამწვრთნელო შტაბი კი ადაპტაციაში მეხმარება. ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ კლასით ქართული ფეხბურთი უკრაინულს არ ჩამოუვარდება.
– რას ელით საქართველოში თამაშისგან და რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?
– იმედი მაქვს, რომ დონე ამაღლდება და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ ეტაპებზე შეძლებს თამაშს. ამას, სპორტის ნებისმიერ სახეობას ვუსურვებ. ასევე მსურს, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ახლა უკრაინაშია, საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.