არის თუ არა მადრიდის “რეალი” კრიზისში?
“კამპ ნოუზე” ჩატარებული კლასიკოს პირველი ტაიმი მადრიდის “რეალის” შესრულებით 2015 წლის საუკეთესო მონაკვეთი იყო. ბურთის კარგი კონტროლი და ეფექტური მაღალი პრესინგი, რომელმაც “ბარსელონას” შემტევები ნახევარდაცვის ხაზს მოსწყვიტა. მაგრამ, მეორე ტაიმში მადრიდელებმა აღებულ ტემპს ვეღარ გაუძლეს, რისი მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა დაღლა იყო. მაღალი პრესინგი საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. გუნდის საერთო მოძრაობის შემცირებასთან ერთად კი მადრიდელთა უპირატესობაც გაქრა და “ბარსელონასაც” საყვარელი ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცა.
“რეალის” მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი თამაში მადრიდელებს 2014 წლის დეკემბრიდან არ უჩვენებიათ, რაც ძალიან საგანგაშოა. მიმდინარე სეზონის განსხვავებულია, რადგან მუნდიალის შემდეგ ტარდება, რასაც გარკვეული კორექტივები შეაქვს გუნდების, განსაკუთრებით კი მათი ლიდერების თამაშში. სეზონის პირველ ნახევარში “რეალი” შეაუდარებელი იყო, რის ფონზეც იანვარში ჩავარდნა მოსალოდნელიც კი იყო. თუმცა, მადრიდელთა სუსტი თამაში ძალიან გაიწელა და “ატლეტიკოსთან”, “შალკესთან” და “ვილიარეალთან” ჩაგდებული მატჩებიც მოიცვა. ამის ფონზე “კლასიკო” და განსაკუთრებით მისი პირველი ტაიმი რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს “რეალისთვის” ნათელი და იმედისმომცემი წერტილი იყო.
რჩება შთაბეჭდილება, რომ “რეალის” მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. თითქოს, მოთამაშეები მზად არ იყვნენ იმისათვის, რომ რაღაც მომენტში ყველაფერი იდეალურად არ იქნებოდა.
გულშემატკივრებისა და პრესის მხრიდან მადრიდულ კლუბზე ზეწოლა ყოველთვის დიდია და გუნდში თუ ფეხბურთელების ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი წვრილმანიც კი საზოგადოების განსჯის საგანი ხდება. ცუდი შედეგებთან ერთად პრესაში კარლო ანჩელოტის გათავისუფლების თემაც აქტუალური გახდა. იტალიელი ხანგრძივი კრიზისების დაძლევის სპეციალისტი რომ არ არის “მილანსა” და “ჩელსიში” მუშაობის პერიოდშიც გამოჩნდა.
ფაქტია, რომ გადამწყვეტი მატჩები “რეალისთვის” ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა უკვე ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს “სამეფო კლუბში” რაღაც განსაკუთრებულად ცუდი ხდება. რაც მთავარია, მადრიდში ხვდებიან, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის და სიტუაციის გამოსწორებაც შესაძლებელია, რაც ანჩელოტიმ “ბარსასთან” წაგებული თამაშის მერეც აღნიშნა.
ამ ეტაპზე გუნდში ერთადერთი გამოკვეთიალდ სუსტი წერტილი გარეთ ბეილია, რომელიც უკვე რამდენიმე ტურია საკუთარ თამაშს ვერ პოულობს. მთავარი სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ ბეილი თავს კომფორტულად გასული სეზონის ფორმაციის “რეალში” გრძნობდა, რომელიც თამაშს კონტრშეტევებზე აგებდა. პოზიციური თამაში კი უელსელისთვის პლიუსების გამოჩენა ცოტა რთულია. ხამესის დაბრუნების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ანჩელოტი ბეილს სათადარიგოთა სკამზე დასვამს.
მადრიდის “რეალისთვის” კატალონიაში წაგებული კალსიკო, შესაძლოა, გამარჯვებების საწინდარი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ “სამეფო კლუბში” თავში არსებულ პრობლემებს მიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კრიზისი უბრალოდ გარდაუვალი იქნება.