შეიხი მანსური "სიტის" ერთადერთი მფლობელია ოთხშაბათი, 09.23.2009, 01:35pm (GMT+4)
"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად განაცხადა, რომ შეიხი მანსური "სიტის" ერთადერთი მფლობელია და რომ მან აქციათა პაკეტის 100 % შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ Abu Dhabi United Group (ADUG) მფლობელი "სიტის" აქციონერი შარშან გახდა, როდესაც მან კლუბი ტაილანდის ყოფილი პრემიერ მინისტრისგან ტაკსინ შინავატრასგან შეიძინა. მაშინ შინავატრამ აქციების მხოლოდ 10 % დაიტოვა და დღეს ცნობილი გახდა, რომ არაბმა ბიზნესმენმა ეს 10 %-იც შეიძინა და "სიტის" ერთპიროვნული მმართველი გახდა.
შეიხი მანსური ინგლისში აქტიურად განაგრძობს ბიზნესს. მან შარშან ყველაზე დიდი თანხა რობინიოში გადაიხადა, რომელიც ინგლისელებმა "რეალიდან" გადმოიყვანეს და მადრიდულ კლუბს 32.5 მილიონი ფუნტიც მიუთვალეს. წელს კი "ქალაქელებმა" ახალ ფეხბურთელებში 120 მილიონი ფუნტი დახარჯეს.
აქვე დავამატებ, რომ "სიტის" უახლოეს გეგმებში კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარება შედის, რაც სტადიონის ტევადობის გაზრდასა და ახალი სავარჯიშო ბაზების აშენებას გულისხმობს.