ნომრები, ნომრები...
ოთხშაბათი, 02.10.2010, 12:18am (GMT+4)
ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა გუნდში ნომრის არჩევით იწყება. ზოგისთვის ეს სუფთა ფორმალობაა, ზოგიერთისთვის კი მნიშვნელოვან, ერთგვარ მისტიურ ხასიათსაც კი ატარებს. მაგალითად დონეცკის "შახტარიდან" "ზენიტში" გადასულს ანატოლი ტიმოშჩუკს ნაცნობი 4 ნომრიანი მაისურის შენარჩუნება სურდა, მაგრამ ის დაკავებული აღმოჩნდა. ბევრი ფიქრის შემდეგ უკრაინელმა 44 ნომერი აირჩია და სულ ცოტა ხანში "ზენიტის" ისტორიული წარმატების მთავარი შემოქმედი გახდა, უეფას თასის ფინალი კაპიტნის რანგში მოიგო.
მაისურების დანომრის იდეა რა თქმა უნდა ინგლისში წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ პირველად "ნომრიანი" მაისურებით 1928 წელს "ჩელსიმ" და "არსენალმა" ითამაშეს. ნომრები 1–დან 11–მდე ნუმერაციით იყო შერჩეული (იმ სტანდარტით, როგორც შემდეგ დამკვირდა კიდეც საბჭოთა კავშირში, 3 ნომრით ცენტრალურ მცველს უნდა ეთამაშა, 5–ით მარცხენა მცველს, 10–ით ცენტრალურ თავდამსხმელს, 9–ით – მარჯვენას და ა.შ.).
1965 წლიდან ამ წესში ცვლილება შევიდა, დაუშვეს რა ცვლილებების გაკეთების უფლება, ამიერიდან მოედანზე პირველად გამოსულ სათადარიგო მოთამაშეს 12 ნომრიანი მაისური უნდა სცმოდა, მეორედ გამოსულს კი –14. 13 ამ რიცხვისადმი საკრალური და ბევრისთვის უარყოფითი დამოკიდებულების გამო, საერთოდ უგულვებელყოფილი იქნა (კიდევ ერთი გამოვლინება ნომრისადმი განსაკუთრებული მიდგომისა, ამჯერად არა ფეხბურთელის, არამედ ზემდგომი ორგანიზაციების მხრიდან). ინგლისში და ესპანეთში 13 ნომრიან მაისურებს გოლკიპერები ზოგჯერ მაინც იცვამდნენ, თუმცა მხოლოდ ერთეულები.
ინგლისელ ფეხბურთელებს 1–დან 99–მდე ნებისმიერ ნომრიანი მაისურის ჩაცმა შეუძლიათ. ინგლისში მაგალითად ნიკოლას ბენდტნერს ერთ დროს 52 ნომერი „ამშვენებდა“, სესკ ფაბრეგასს კი – 57.
თუმცა ისტორიას ახსოვს მომენტებიც, როცა საფეხბურთო ორგანიზაციები ფეხბურთელებს სხვადასხვა მოსაზრებით ამა თუ იმ მაისურის ჩაცმის ნებას არ რთავდა, მიზეზად კი ამ ნომრიანი მაისურის არასაკმარის სარეკლამო მიმზიდველობას ასახელებდა. 2002 წელს „სანდერლენდში“ გადასულ კამერუნელ პატრიკ მბომას 70 ნომრიანი (რომელიც მისი დაბადების წელს აღნიშნავდა) მაისურის ჩაცმის ნება არ მისცეს და 7 შესთავაზეს, ცოტა მოგვიანებით კი „ტოტენჰემელ“ მიდოს, 99 ნომრიანი მაისური ბანალურ 11–ში „გადაუცვალეს“.
ესპანურ ფეხბურთში განსხვავებული წესები მოქმედებს. აქ ფეხბურთელებს მაისურების მხოლოდ 1–დან 25–მდე „დანომვრა“ შეუძლიათ, ამასთან მეკარეებისთვის ეს არეალი კიდევ უფრო შეზღუდულია, მათ ზურგზე 1–იანის, 13–ის ან 25–ის დაწერა შეუძლიათ. ხოლო იმ შემთხვევაში , თუ ფეხბურთელი სარეზერვო გუნდიდან იქნა გადმოყვანილი, მას უფლება აქვს 26–დან 50–მდე ნებისმიერ ნომრიანი მაისური ატაროს.
არსებობს უამრავი ისტორია, რომლებშიც ნომრების არჩევა იუმორისტულ ხასიათსაც კი ატარებდა. ასე მაგალითად, „აბერდინში“ გადასულ მაროკოელ ხიშამ ზერუალის მაისურზე ერთხანს „მრავლისმეტყველი“ 0 ეწერა, რაც მისივე მეტსახელიდან მომდინარეობდა („ზერო“). მინდვრის მოთამაშე, ბერძენი პანტეის კაფესი „ოლიმპიაკოსიდან“ და ჩერნოგორიელი სიმონ ვიუქჩევიჩი „პარტიზანიდან“ კი მეკარის კუთვნილ, 1 ნომრიან მაისურს ატარებდნენ და ამის გამო დისკომფორტი სულაც არ ექმნებოდათ. ცნობილი ფაქტია, რომ „სან პაულოს“ ლეგენდარულ გოლკიპერს როჟერიო სენს მაისურზე 01 აწერია, „პარმას“ იტალიელი მეკარე ლუკა ბოჩიჩი მთელი 2005/06 წლების სეზონში 7 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ერთი წლის შემდეგ კი ის 5–იანზე გაცვალა. ბევრს ახსოვს ლეგენდარული ივან სამორანო, რომელსაც „ინტერში“ რონალდოს მოსვლის შემდეგ მისთვის 9 ნომრიანი მაისურის დათმობა მოუხდა. ჩილელს ამაზე ოდნავად არ უნაღვლია, 18 ნომრიანი ეკიპირება მოითხოვა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთიანსა და რვიანს შორის პლიუსი „ჩაამატა“ და ზურგზე მათემატიკური გამოსახულება 1+8 ეწერა, რისი მნიშვნელობაც მის ადრინდელს ნომერს უდრიდა. არც ისე დიდი ხანია, რაც მოდაში მაისურზე საკუთარი დაბადების წლის აღმნიშვნელი ნომრის დაწერა შემოვიდა, სწორედ ამ მიზეზით ატარებდა თავდაპირველად შევჩენკო „მილანურ“ შავ–წითელ ფორმას, წარწერით – 76, რონალდინიო და ფლამინი კი დღემდე 80 და 84 ნომრიანი მაისურებით ასპარეზობენ.
ახლა ორიოდე სიტყვით, მუდმივად გადაცემული ნომრების შესახებ, რისი ტრადიციაც ევროპაში ოკეანის გაღმიდან შემოვიდა, ჰოკეის, კალათურთის და ბეისბოლის ლიგებში მიღებული გახლდათ, რომ დამსახურებულ მოთამაშეებს ის ნომერი, რომლითაც ისინი გამოდიოდნენ, სამუდამო მფლობელობაში გადაეცემოდათ, უმეტესად ეს მათი სიკვდილის შემდეგ ხდებოდა.
ამ ტრადიციასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიელებს გააჩნიათ, „მილანში“ 3 და 6 ნომრიან მაისურებს უკვე ვეღარავინ მოირგებს, ამის მიზეზი კი ფრანკო ბარეზის და პაოლო მალდინის ლეგენდარული კარიერაა. „სიენას“ ლეგენდამ, მიშელ მინიანიმ უკვე დიდი ხანია 5 ნომრიანი მაისური „ამოიღო ხმარებიდან“, ბრაზილიელმა ალდაირმა კი „რომაში“ იმდენად დიდი კვალი დატოვა, რომ მისი კუთვნილი 6 ნომრით და სხვა გვარით, „რომას“ ვერანაირ ეკიპირებას ვეღარ ნახავთ. რობერტო ბაჯოს „ბრეშული“ და დიეგო მარადონას ნეაპოლური 10–იანების ისტორია კი ვფიქრობთ, ყველასთვის ცნობილია.
სხვა ქვეყნებში ამ საკითხზე შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც ზრუნავენ. 2003 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ ჯაფრანკო ძოლის წასვლის შემდეგ მისი 25 ნომრიანი მაისური აღარავის ჩაუცვამს, თუმცა ოფიციალური განცხადება, ამ ნომრის იტალიელისთვის სამუდამო მფლობელობაში გადასვლის შესახებ არავის გაუკეთებია, ეს ერთგვარ დაუწერელ წესად იქცა „არისტოკრატებში“ და ამით ისინი ლეგენდარული იტალიელისადმი პატივისცემას გამოხატავენ. იგივე სიტუაციია „აიაქსში“, იოჰან კრუიფის 14 ნომერთან და „ჰელსინბორგში“, ჰენრიკ ლარსონის 17–თან დაკავშირებით. უფრო გასაკვირია დანიური „მიდტიულანდის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოთამაშე მოჰამედ ზიდანის მიერ ამ გუნდში ჩატარებული 30 მატჩის, ანუ ერთი სეზონის შემდეგ 14 ნომრიანი მაისურის გაუქმებას ითვალისწინებს.
იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ნომრები სამუდამო კუთვნილებაში სიკვდილის შემდეგ გადაეცათ, უფრო გრძელია: მარკ ვივიენ ფოე (23 ნომერი „სიტიში“ და 17 – „ლანსში“), მიკლოშ ფეჰერი (29, „ბენფიკა“), დავიდ დი ტომაზო (4, „უტრეხტი“), ბუქარესტის „დინამოს“ კაპიტანი კატალინ გილდანი (11), ფრანგი გოლკიპერი ლიუკ ბორელი (16, „ლიონი“), ფრანსუა სტერკელე (23, „ბრიუგე“), სერგეი პერხუნი (16, „ცსკა) და სხვები. ამავე სიაშია „ჰანოვერის“ გოლკიპერის, რობერტ ენკეს კუთვნილი ერთიანიც...
არსებობენ კლუბები, რომლებმაც ესა თუ ის ნომერი ხმარებიდან რომელიმე ცნობილი, დამსახურებული გულშემატკივრის გამო ამოიღეს. ცხადია, რომ ასეთ მაისურებს რიცხვი 12 აწერიათ, „მე–12“ ფეხბურთელის აღსანიშნავად. ამ გუნდებს შორის არიან პორთსმუტი, ბრისტოლი, აბერდინი, გენკი, ბაიერნი, ვერდერი, ბოხუმი, მიუნხენგლადბახის ბორუსია, ლანსი, პაოკი, ფერენცვაროში, ატალანტა, ჯენოა, ლეჩე, ლაციო, ტორინო, ფეიენოორდი, პსვ, ლეხი, რაპიდი, ზენიტი, ფენერბაჰჩე, გალათასარაი, ბეშიქთაში, კიევის დინამო და სხვები. რედინგში, ნორვიჩსა და პანათინაიკოსში კი გულშემატკივრების საპატივცემულოდ არცერთ მეკარეს პირველ ნომრიანი მაისური არ აცვია.
თქვენ კი უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ, ნომრებს კი მხოლოდ მათ გასარჩევად ვიყენებთ, ხოლო მაშინ, როცა ეს ფეხბურთელი ჩვენი კერპი ხდება, ნომერი აზრს კარგავს, ამიტომ უბრალოდ გაიღიმეთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ და დარჩით ფეხბურთის ფანებად ჩვენთან ერთად!
ბექა ჯღარკავა
|