ერთნიც და მეორენიც, 44 წლის ესპანელისაგან, სეზონის დასაწყისში, უცილობელ ქვეყნის ჩემპიონობას მოითხოვდნენ, რაც ზედიზედ მეორე საშინაო მარცხის შემდეგ, ძნელად ასასრულებელი მიზანია.
ფლორესის გაწვრთნილმა “ბენფიკამ”, გასულ უქმეებზე შინ კოიმბრას “აკადემიკასთან” 0:1 წააგო და 24 ტურის შემდეგ (ჩემპიონატის ფინიშამდე 6 ტურია დარჩენილი), 46 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
ლისაბონელები, წინ მყოფ “პორტუს” (54 ქულა) და თანაქალაქელ “სპორტინგს” (50 ქულა) საკმაოდ ჩამორჩნენ. ჩემპიონობა ერთია და მეორეა ჩემპიონთა ლიგის საგზური (პორტუგალიიდან ლიგაში თამაშის უფლება პირველ ორ ადგილზე მყოფთ ეძლევა), რომლის მოპოვებაც იოლი საქმე არ იქნება.
სწორედ ამან განაპირობა, ზემოთ ნახსენები წაგების შემდეგ კიკე ფლორესისთვის მაყურებლის მიერ ობსტრუქციის მოწყობა. “მსოფლიო სპორტისთვის” სანდო წყაროსაგან ცნობილი გახდა, რომ “ბენფიკას” მმართველ შტაბში სერიოზულად განიხილება ესპანელი მწვრთნელის შემცვლელად 2 შესაძლო კანდიდატურა. ესენია - შვედი სვენ-გორან ერიქსონი და ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარი. ერთიც და მეორეც, ამჟამად უმუშევრები არიან და შესაფერის შეთავაზებებს ელიან.
სხვათა შორის, ერიქსონი “ბენფიკას” ერთხელ უკვე წვრთნიდა (1989/92წწ). ბოლოს, 61 წლის შვედი მწვრთნელი მექსიკის ეროვნულ ნაკრებს მოძღვრავდა, საიდანაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში, 1 აპრილს შინ ჰონდურასთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება, “ბენფიკას” სავარაუდო ბრაზილიელ თავკაცს, 60 წლის სკოლარი წლეულს 9 თებერვლამდე ინგლისის პრემიერლიგურ “ჩელსის” უძღვებოდა. ამ დღეს ლონდონური გუნდი “ჰალს” 0:0 ეთამაშა და კლუბის რუსმა მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა, მასთან კონტრაქტის გაწყვეტა ამჯობინა (რისთვისაც სკოლარის კომპენსაციის სახით 8 მილიონი დოლარი მისცეს). ბრაზილიელს პორტუგალიაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს - იგი 2003-2008 წლებში იქაურ ნაკრებს წვრთნიდა. მანამდე კი, მისმა გაწვრთნილმა ბრაზილიის ნაკრებმა, 2002 წლის მუნდიალზე მეხუთედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
აღსანიშნავია ისიც, რომ კიკე ფლორესი, რომელმაც “ბენფიკა” შარშან 24 მაისს ჩაიბარა და კლუბის ისტორიაში მეორე ესპანელი მთავარი მწვრთნელი გახდა (მანამდე ლისაბონურ გუნდს ორჯერ სხვადასხვა დროს, ხოსე ანტონიო კამაჩო წვრთნიდა), მიმდინარე სეზონში უტიტულოდ მაინც არ დარჩენილა. მან მის გუნდს 21 მარტს ჩატარებული პორტუგალიის ლიგის თასის ფინალი მოაგებინა. გადამწყვეტ მატჩში “ბენფიკამ” “სპორტინგს” პენალტების სერიაში 3:2 სძლია (ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა).