ცნობილი საერთაშორისო ინტერნეტ გამოცემის, goal.com–ის ჟურნალისტი ტურინის იუვენტუსში შექმნილი სიტუაციით დაინტერესდა და ამ საკითხზე აზრი საკმაოდ კომპეტენტურ ადამიანებს ჰკითხა, საბოლოოდ კი მათ არგუმენტებზე დაყრდნობით მშვენიერი და "ბებერი ქალბატონის" ტიფოზებისთვის ერთობ დამაფიქრებელი სტატიაც გამოაცხო, თუმცა ჯობს თავად მას მოვუსმინოთ:
"გუშინ ტურინში ჩემს მეგობართან ერთად ვიმოგზაურე, რომელიც მეორე "შავ–თეთრი" გუნდის, "ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილი თანამშრომელია, ერთად ვუყურეთ "მილანთან" გამართულ მატჩს და მისი ერთი კომენტარიც კარგად დამამახსოვრდა: მაიკ ეშლი ("ნიუკასლის" მფლობელი, ბიზნესმენი) რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი იყოს, უფრო კარგად იმუშავებდა, ვიდრე კლოუნების მთელი ეს ჯგუფი, ჩირო ფერარას ხელმძღვანელობითო.
ვინც ინგლისურ ფეხბურთს მინიმუმ 15 წელიწადია თვალს ადევნებს, ეცოდინება, რომ "ნიუკასლი" ცუდი მენეჯმენტის ლამის უკვე პირდაპირ სიმბოლოდ და სინონიმად იქცა, შესაბამისად, დაცინვით ნათქვამი ეს ფრაზა იმაზე ბევრად უფრო მწარეა "იუვეს" ტიფოზებისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან ვინ, ვინ და ამ ადამიანმა იცის, რა არის დამღუპველი მენეჯმენტი...

2006 წლის კალჩო სკანდალამდე, ლუჩანო მოჯი და მისი თანაგუნდელები ისე მუშაობდნენ, როგორც უნდა იმუშაოს წარმატებულმა საფეხბურთო ფუნქციონერმა (არ ვგულისხმობ მაფიოზურ საქმიანობებს), ასევე იქცევა მიუნხენის "ბაიერნის" მმართველი დუეტი, რუმენიგე – ბეკენბაუერის შემადგენლობით, ისინი პირველ რიგში ფეხბურთის გარშემო აზროვნებენ და შემდეგ იღებენ ბიზნესმენურ გადაწყვეტილებებს, "იუვენტუსში" კი პირიქით ხდება, მისი დღევანდელი მმართველი გუნდი რამდენიმე საშუალო დონის ბიზნესმენია, რომელსაც ფეხბურთთან აქამდე არაფერი ჰქონდა საერთო, ან თუ ჰქონდა, შაბათის სატელევიზიო შოუების ყურადღებით თვალყურის დევნებით შემოიფარგლებოდა ხოლმე.
"იუვენტუსის" პრეზიდენტ ჟან კლოდ ბლანს საფეხბურთო გუნდი არასდროს უმართავს, შესაბამისად მისი მენეჯერული თვისებების ამ კუთხით განვითარების მაჩვენებელი ნულს უდრის. კლუბის მფლობელ ჯონ ელკმანს ("იუვეს" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია "იფილის" პრეზიდენტი) აქამდე არცერთი კლუბი არ ჰყოლია, მეტიც ის კომპანიის სათავეშიც კი რამდენიმე თვის დანიშნულია და ბოლოს, სპორტული დირექტორი ალესიო სეკო, რომელიც ყველაზე გამოცდილია, თუ სპორტული დირექტორის (სხვათაშორის ლუჩანო მოჯის) ასისტენტად მუშაობას ამ პოზიციისთვის სასურველ გამოცდილებას დავარქმევთ. კლუბის სტრუქტურა ისეა აწყობილი, როგორც ჩვეულებრივ კომპანიაში და არა ისე, როგორც საფეხბურთო კლუბში, ამაზე იტალიაში უკვე აღარავინ დავობს. შედეგიც სახეზეა, მაშინ, როცა კლუბი ვითომდა ფინანსურად წარმატებულია, ანუ აშენებს ახალ სტადიონს, ზრდის ხელფასებს და ა.შ. მისი სპორტული მიღწევები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არსებობს უამრავი კაზუსი, რომელიც "იუვეს" საფეხბურთო შედეგებს ძირს უთხრის, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მენეჯმენტი დღემდე ვერ ხვდება, მოედანზე ნაჩვენები შედეგი წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებებში ადრე თუ გვიან აუცილებლად მთელი სიმძაფრით რომ აისახება.

საკმარისია განიხილო ბლანის ნაბიჯები, რომ მაშინვე ხვდები, რა დონის საფეხბურთო ცოდნა აქვს ამ ადამიანს. "იუვეში" მოღვაწეობის პირველ წელს მან 30 მილიონი გადაიხადა სამ ფეხბურთელში: ჟან–ალან ბუმსონგი, ტიაგო მენდეში და სერხიო ალმირონი. მეტისმეტად გეჩვენებათ? თქვენს აზრს სავარაუდოდ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გაიზიარებს. მაშინ, როცა ბლანი საკუთარ შეცდომას მიხვდა, და ოთხი ვარსკვლავი, დიეგო, მელო, გროსო და კანავარო გადმოიბირა, გუნდის შეთამაშებაზე, ერთ მთლიანობად ქცევაზე ზრუნვა უკვე გვიანი იყო, თუმცა ამაზე ისედაც არავის უფიქრია...
"იუვენტუსის" წარუმატებლობის მიზეზი მენეჯმენტის არცერთ დონეზე გამოცდილების არარსებობაა. ეს იტალიაა ჩემი ძვირფასებო, აქ საქმის ნულიდან დაწყება, ისიც ფეხბურთში და თან ტურინის "იუვენტუსში" უფრო რთულია, ვიდრე უბრალო თვითმფრინავით მარსზე გაფრენა. რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ცვლილებებს, თორემ "იუვე" აპენინული "ნიუკასლი" გახდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. არ არის ჩირო ფერარას ადგილი იქ, სადაც მისი შეცდომების დამნახველი არ არსებობს, შეუძლებელია დამწყებმა მწვრთნელმა შეცდომებზე ისწავლოს, თუ ამისკენ არავინ მიუთითა, "იუვეში" კი ისინი, ვისაც წესით ეს ევალებათ, იმდენად შორს არიან ფეხბურთისგან, რომ არ გამიკვირდება, ყოველდღე საკუთარი მოთამაშეების გვარებს იზეპირებდნენ, მერე ჟურნალისტებთან არ შევრცხვეთო..."
