კვლავ ვაგრძელებთ რუბრიკას. დღეს თბილისის დროით 21 საათზე სტარტს იღებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტური, რომელიც "სპორტინგსა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირებით გაიხსნება. ხვალ კი გაიმართება ტურის ცენტრალური მატჩი - "ატლეტიკო" - "ბარსელონა".
ტურის მატჩი
ატლეტიკო - ბარსელონა 
ესპანეთის სამეფო თასზე მადრიდელები წარმატებულად გამოვიდნენ. ნახევარფინალში მათ "რასინგი" ორი მატჩის ჯამში 6:3 დაამარცხეს და თასის ფინალშიც გავიდნენ. მოსალოდნელია, რომ დღევანდელ მატჩში მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი ტრადიციულ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ხვალ ძირითად შემადგენლობაში კვლავ შეიძლება ვიხილოთ "ატლეტიკოს" ახალგაზრდა გოლკიპერი დავიდ დე გეა, რომელმაც მიუხედავად რამდენიმე გაშვებული გოლისა, ნომერი პირველი მეკარის პოსტი სერხიო ასენხოს წაართვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "რასინგთან" გაშვებული ბოლო გოლი, რომელიც ხისკომ გაიტანა, მთლიანად ახალგაზრდა კიპერის კისერზეა.
რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ტიაგო მენდესს, აგუეროს, რეიესს და მანუელ ხურადოს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.
"ბარსელონას" საკმაო ხანს მოუვიდა დასვენება და ხვალ მატჩს სრული შემართებით დაიწყებს. მართალია სატურნირო ცხრილში კატალონიელები მდევარ მადრიდის "რეალს" 5 ქულით უსწრებენ, მაგრამ მოდუნების საშუალება მაინც არ აქვს და ეს პირველ რიგში მადრიდის "ატლეტიკოსთან" არ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, "ბარსას" მხრიდან დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ პიკე და მარკესი, ხოლო ტრამვების გამო მატჩს გამოტოვებენ დანი ალვეში, დმიტრო ჩიგრინსკი და ერიკ აბიდალი.
დაცვის ძირითადი შემადგენლობიდან გვარდიოლას განკარგულებაში მხოლოდ გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლია. სავარაუდოდ, მარცხენა ფლანგზე ბრაზილიელი მაქსველი ითამაშებს, ცენტრში გაბრიელ მილიტო, ხოლო მარჯვენა ფლანგზე კი "ბარსას" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი მუნიესა ითამაშებს, რომელსაც "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტი ექნება.
მიუხედავად სტუმართა საკადრო პრობლემებისა, ამ მატჩში ფავორიტად მაინც "ბარსელონა" მოიაზრება, მაგრამ "ატლეტიკო" მაინც "ატლეტიკოდ" რჩება, რომელსაც შეუძლია ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაშიც კი გააოცოს გულშემატკივარი და გამარჯვებას მიაღწიოს.
კვირა, მადრიდი, "ვისენტე კალდერონი", 00:00 (თბ)
"ატლეტიკო": დე გეა, უიფალუში, დომინგესი, პერეა, ლოპესი, რაულ გარსია, ასუნსაო, სიმაო, რეიესი, აგუერო, ფორლანი
"ბარსელონა": ვალდესი, პუიოლი, მილიტო, მუნიესა, მაქსველი, ბუსკეტსი, კეიტა, ინიესტა, მესი, ანრი, იბრაჰიმოვიჩი
არ ითამაშებენ: პაბლო იბანიესი - აბიდალი, ჩიგრინსკი, პიკე, მარკესი, ალვეში, იაია ტურე
Fanebi.com-ის პროგნოზი: ატლეტიკო 1X
სპორტინგი - ვალენსია 
22-ე ტური სწორედ ამ მატჩით, 21 სათზე გაიხსნება. "ვალენსია" გასვლით მატჩს ხიხონში გამართავს, სადაც მიმდინარე სეზონში თამაში ყველა გუნდს ძალიან უჭირს. ამავე მოედანზე გამარჯვება ვერ მოახერხა მადრიდის "რეალმა", რომელიც ამავე მატჩში კინაღამ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში მანოლო პრესიადოს შეგირდები საკუთარ მოედანზე უჩვეულოდ ძლიერები არიან და ორგანიზებულ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ.
თუმცა "ვალენსია" საუკეთესო გუნდია, თუ მხედველობაში ვიღებთ ჩატარებულ გასვლით მატჩებს. სევილიაში და ტენერიფეში გამართულმა მატჩებმა ეს სტატისტიკა ცოტა არ იყოს დააკნინა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და იმის შესახებ კამათი, რომ უნაი ემერის გუნდი სტუმრად მატჩებში სუსტია, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს "ვალენსიას". რასაკვირველია ეს არ არის "ბარსელონა", რომელსაც მთელი დაცვის ხაზი დისკვალიფიცირებული ჰყავს, მაგრამ მცირე პრობლემები მაინც არის. ტრამვირებულები არიან ძირითადი ცენტრალური მცველები დავიდ ნავარო და ალექსისი. თუმცა მათი დროებითი დაკარგვა კატასტროფა ნამდვილად არ არის, რადგან ემერის შეუძლია დაცვის ხაზში ერთამენთს გუნდის კაპიტანი კარლოს მარჩენა და დეალბერტი შეუწყვილოს, ხოლო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დავიდ ალბელდა დადგება.
არ ითამაშებენ: პორტილია, ბარალი, პედრო - ნავარო, ფერნანდესი, ალექსისი
Fanebi.com-ის პროგნოზი: სპორტინგი 1
ხერესი - რეალი 
მადრიდელთა რიგებში უკვე დაბრუნდნენ იგუაინი და რონალდო, რაც მასპინძლებს კარგს ნამდვილად არაფერს უქადის. მატჩის გამოტოვება მოუწევს გუტის, რომელმაც ბოლო დროს არც ისე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა მისი შემცვლელი "რეალში" ადვილად მოიძებნება. ასევე მოსალოდნელია ცენტრში ლასანა დიარასა და ხაბი ალონსოს დუეტის გამოჩენა.
სტუმართა დარჩენილი ნაწილი კვლავ უცვლელი რჩება. დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშებს ბრაზილიელი მარსელო, მარჯვნივ ალვარო არბელოა, ხოლო ცენტრში ერთმანეთს რაულ ალბიოლი და სერხიო რამოსი შეუწყვილდებიან. მასპინძლებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ, თუმცა ამის ფონზეც შეიძლება ითქვას, რომ "რეალს" გამარჯვებაში მხოლოდ სასწაულმა შეიძლება შეუშალოს ხელი.
არ ითამაშებენ: პრიეტო, ფრენსისი - გარაი, პეპე, გუტი, ვან დერ ვაარტი
Fanebi.com-ის პროგნოზი: რეალი 2
ვილიარეალი - ატლეტიკი 
"ვილიარეალს" ვერც ახალმა მწვრთნელმა უშველა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო. მიმდინარე სეზონში აღზევებულ "ბილბაოსთან" მატჩი ურთულესი იქნება, მიუხედავად საკუთარ მოედანზე თამაშისა. ბასკები მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში არიან და არც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ.
მაგრამ კვლავ ისმის კითხვა, თუ რას უნდა ველოდეთ "ვილიარეალისაგან". ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ერნესტო ვალვერდეს მიერ აშენებულ გუნდს ვადევნებდით თვალყურს, მაგრამ სეზონის მეორე წრეში "ვილიარეალი" რადიკალურად შეიცვლება. მიუხედავად მწვრთნელის შეცვლისა, "ვილიარეალი" აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გააკეთებს. მაგალითად, მოედნის ცენტრში მარკოს სენასთან ერთად ადგილს ახალგაზრდა ნახევარმცველი მატილია დაიკავებს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითადში მარტო იმიტომ ითამაშებს, რომ ამ პოზიციაზე მასპინძლებს სერიოზული პრობლემები აქვთ იმის შემდეგ, რაც ეგურენი "ლაციოში" გადავიდა. კასორლა კი კიდევ რამდენიმე კვირა ლაზარეთში იქნება.
ბასკების შემადგენლობაში მწყობრში ჩადგნენ გაბილონდო და დე მარკოსი, რომლებმაც განაცხადში იტურასპე და დე სერიო ჩაანაცვლეს. ამ ფეხბურთელებმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი კვლავ ვერ მოიპოვეს.
არ ითამაშებენ: კასორლა - იტურასპე, დე სერიო, მუნიოსი, ოსიო, იესტე
Fanebi.com-ის პროგნოზი: ვილიარეალი 1X
ესპანიოლი - დეპორტივო 
მეოთხე ადგილისათვის ბრძოლა გრძელდება და დასასრული ჯერ არ უჩანს. ლა კორუნიელები აქტიურად ცდილობენ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის კვარტეტში შესვლას და ამისათვის მათ ბარსელონაში "ესპანიოლის" დამარცხება მოუწევთ. ჩვენი პროგნოზით, ლა კორუნიელებს მასპინძლების დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ "დეპორს" სტუმრად თამაშში ისეთივე წარმატებები არ აქვს, როგორიც მშობლიურ "რიასორზე". გასულ ტურში "დეპორტივომ" მალაგაში ნულოვანი ფრე ითამაშა, ხოლო "ესპანიოლი" სტუმრად "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:0 განადგურდა.
არ ითამაშებენ: მოისესი, დე ლა პენია, ნაკამურა - ფილიპე, პაბლო ალვარესი
Fanebi.com-ის პროგნოზი: დეპორტივო 2
ვალიადოლიდი - სარაგოსა 
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით არც "ვალიადოლიდს" გაუმართლა და "მესტალიაზე" 3:0 დამარცხდა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ვალიადოლიდმა" გასვლით მატჩში "ვალენსიასთან" რაიმე ღირებული გააკეთა: უმისამართო პასები, ნულოვანი შეტევა და ყოვლად უცოდინარი შემსრულებლები. ძირითადად "ვალიადოლიდს" კარგი სტანდარტების შესრულება უნდა შეეძლოს, რაც მათი კოზირია, მაგრამ "ვალენსიასთან" მატჩში მსგავსი ვერაფერი გააკეთეს.
მეორე წრე პრიმერას ახალწვეულმა "სარაგოსამ" შესანიშნავად დაიწყეს. მათ ბოლო ორი მატჩიდან ორივეში იმარჯვეს, თანაც პრიმერას ორ ლიდერთან "მალიორკასთან" და "სევილიასთან". კლუბს კარგად შეეწყვნენ ახალწვეულებიც, რომლებმაც ადაპტაცია უკვე გაიარეს. თუ "სარაგოსამ" იგივე ტემპი შეინარჩუნა, როგორითაც მეორე წრე დაიწყო, შესაძლოა ევროზონაშიც ვიხილოთ.
არ ითამაშებენ: რუბიო, ხაკობო, მარკოსი - პაბლო ამო, დიოგო, აგილარი, ადრიან კოლუნგა
Fanebi.com-ის პროგნოზი: სარაგოსა X2
ხეტაფე - ალმერია 
სამეფო თასიდან მიჩელის შეგირდები "სევილიამ" გამოაგდო. თუ შანსებს ობიექტურად შევაფასებთ, "სევილია" "ხეტაფეზე" ბევრად ძლიერი იყო, მაგრამ შანსი შემდეგ რაუნდში გასვლისა "ხეტაფესაც" ჰქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხეს. რაც შეეხება პრიმერა დივიზიონს, "ხეტაფეს" ევროპა ლიგის ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს, რომლითაც მას "დეპორტივო" უსწრებს. "ალმერიას" კი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენისათვის მოუწევს ბრძოლა. მატჩში უპირობო ფავორიტად "ხეტაფე" ითვლება, რომელიც სახლში საკმაოდ ძლიერია.
არ ითამაშებენ: ადრიანი, გავილანი, სელესტინი - სოლარი, ვარგასი, ჩიკო
Fanebi.com-ის პროგნოზი: ხეტაფე 1
რასინგი - მალაგა 
ესპანეთის თასიდან გამოვარდნის შემდეგ "რასინგს" იმის გარდა აღარაფერი დარჩენია, რომ ჩემპიონატი ღირსეულად დაასრულოს. ამ დროის მანძილზე "რასინგი" ჩამოყალიბდა კლუბად, რომელიც წლიდან წლამდე იბრძვის არა პრიმერა დივიზიონში დარჩენისათვის, არამედ ევროზონაში მოხვედრისათვის. მიმდინარე სეზონში კი "რასინგში" ჩამოყალიბდა კოლექტივი, რომელსაც საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა შეუძლია ბევრი გუნდისათვის.
პირველ წრეში აღებული ქულების ფონზე, "რასინგმა" მეორე წრე შეიძლება უფრო დაბალ ტემპში ჩაატაროს, რადგან გასავარდნ ზონას 7 ქულით და 7 ადგილით არის დაშორებული. გუნდი 11-ე პოზიციაზე იმყოფება. გუშინ "რასინგიდან" ოფიციალურად წავიდა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი სერხიო კანალესი, რომელიც "რეალში" გადაბარგდა. შესაძლოა მისმა წასვლამ "რასინგი" ოდნავ დაასუსტოს.
რაც შეეხება "მალაგას", ის აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო ტურებში მოახერხა ქულების დაგროვება და გასავარდნი ზონიდან ამოსვლა. სტუმართა შემადგენლობაში ვერ ითამაშებენ აპონიო და როზარიო.
ვერ ითამაშებენ: ტონიო, ლუის გარსია - აპონიო, როზარიო
Fanebi.com-ის პროგნოზი: რასინგი 1
სევილია – ოსასუნა 
მანოლო ჰიმენესი თავისი პირველი ტიტულისკენ მიიწევს. ძველ დამრიგებლის, ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით სევილიელები თასების მოსაგებად იყვნენ "დაგეშილნი" და ამ მისიას წარმატებით ასრულებდნენ კიდეც, როგორც ჩანს ჰიმენესიც წინამორბედის გზას უბრუნდება, კარგი გაგებით რათქმაუნდა. მან ანდალუსიელებს მთელი ძალისხმევის სამეფო თასის მოსაგებად გაღებისკენ მოუწოდა და ახლა, როცა "ხეტაფეს" ნახევარფინალური ბარიერი დაძლეულია, "სევილიაში" ყველა ესპანეთის თასის ფინალს ელის.
თუმცა აქამდე ჯერ შორია, ამ კვირას კი ჰიმენესის ბიჭებს ოსასუნას მიღება უწევთ, ხოლო შემდეგ მოსკოვში მიემგზავრებიან, სადაც მოსკოვის ცსკა და რუსული ყინვა ელით. რაც შეეხება პრიმერულ შეხვედრას, ვერავინ იტყვის, რომ "სევილია" ამ მატჩის უდავო ფავორიტია, "ოსასუნა" ბოლო დროს შესანიშნავად თამაშობს და ქულის მოპოვებაზე უარს ალბათ არ ამ შემთხვევაში იტყვის.
არ ითამაშებენ: სკილაჩი, სერხიო სანჩესუ, კონკო, ნეგრედო, სტანკიავიჩსი – დელპორტი.
Fanebi.com–ის პროგნოზი: სევილია 1
ტენერიფე – მალიორკა 
ლა ლიგის ხელძღვანელობამ გადაწყვიტა პრიმერას ტურები სამ დღეზე გაწეროს და თითო შეხვედრა ორშაბათობით დანიშნოს, ამ იდეას მხარი ყველა გუნდმა დაუჭირა, გარდა... ტენერიფესი. ხოდა ლა ლიგაშიც ექსპერიმენტულად სწორედ მისი მონაწილეობით ჩასატარებელი მატჩი აირჩიეს.
"ტენერიფეც" და "მალიორკაც" საშიანო გუნდებად შეიძლება მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, "მალიორკას" 10–დან 10 მატჩი აქვს მოგებული, "ტენერიფე" მსგავსი შთამბეჭდავი შედეგით ვერ დაიქვეყნის, მაგრამ კუნძულებზე სტუმრობა იოლი გასეირნება ნამვდილად არავისთვისა..
მოკლედ, წინ საინტერესო მატჩი გველის, რომელშიც ფავორიტის დასახელება ნამდვილად რთული საქმეა, სწორედ ამიტომ,
Fanebi.com–ის პროგნოზი: X
არ ითამაშებენ: ვიქტორი, ტუნი