ბათუმის “დინამომ” ლიდერობა დათმო
ქობულეთის ჩელე არენაზე უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორეპდოს“ უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს და ბათუმელებს 2015 წლის პირველი მარცხი აგემეს.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე პირველი მომენტიც შექმნეს, თუმცა ბერიაშვილის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ზუსტად 3 წუთში კი „დინამოს“ მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მაღალ ნახტომში ტატანაშვილი შესწვდა და ჩვეულ სტილში, თავით გადაგზავნა მეტოქის კარში – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ „ტორპედომ“ მოუმატა და უპირატესობასაც დაეუფლა, თუმცა ბათუმელები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მე-20 წუთზე გატანის შანსი კვლავ ტატანაშვილს მიეცა, რომლის თავური ამჯერად მიზანს ასცდა. 34-ზე ბერიაშვილის პასით კარგ პოზიციაში ქავთარაძე აღმოჩნდა, თუმცა მისი მცდელობაც არაზუსტი გამოდგა.
უშანსოდ არც ქუთაისელები ყოფილან. მარცხენა ფლანგიდან კვერნაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ქუთაისელ შემტევებს მცველებმა დაასწრეს, ტუღუშის დარტყმა კი ალავიძემ მოიგერია.
თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. გუნდები საგოლე მომენტების გარეშე თამაშობდნენ, რაც 65-ე წუთამდე გაგრძელდა. დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ბურთი ბერიაშვილმა მიიღო, რომელმაც შონიას დაუგორა. ბათუმელთა ნახევარმველის ძლიერი დარტყმა „ტორპედოს“ მცველისგან კუთხურზე გადავიდა. მასპინძლებმა სტანდარტი უხეიროდ მოაწოდეს და მეტქოეს სწრაფი კნტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცეს, რომელიც კირკიტაძის დარტყმით დასრულდა. ამ ეპიზოდში „დინამოს“ მეკარემ, ალავიძემ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, თუმცა სტანდარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების კიპერმა კარის მშრალად შენახვა ვეღარ შეძლო. საჯარიმოში არეულობით ადამაძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე „ტორპედომ“ დაწინაურებაც მოახერხა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში წავიდნენ და ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს 83-ე წუთზე ალავიძემ ერთი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვერნაძეს ვეღარ აჯობა, რომელმაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მართალია, „დინამომ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შონიას ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ბათუმელებმა ვეღარ შეძლეს და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია თბილისის “დინამოს” დაუთმეს.
დინამო ბათუმი 2-3 ტორპედო
გოლები: ტატანაშვილი 8′ (1:0); ადამაძე 66′ (1:1); კირკიტაძე 74′ (1:2); კვერნაძე 83′ (1:3); შონია 90′ (2:3)
დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მახარაძე, შონია, ვარშანიძე (მუჯირი 77′), დიასამიძე (აბუსელიძე 83′), ქავთარაძე (მაკარიანი 49′) ტატანაშვილი, ბერიაშვილი.
ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ტუღუში (გოგუაძე 46′), კლიმიაშვილი, კირკიტაძე, ქიმაძე, ჭელიძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 67′), იოსელიანი, კვერნაძე (ქებაძე 84′).