ბლატერმა ყატარის მუნდიალის ჩატარების ოპტიმალური პერიოდი დაასახელა
დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პირობა დადო, რომ 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იმავე წელს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაემთხვევა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყანაში გასამართი მუნდიალის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად ნოემბერ-დეკემბერს თვლის.
„ლოგიკურია მსოფლიოს ჩემპიონატის წლის ბოლოს ჩატარება. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი ნოემბრის 10 რიცხვიდან დეკემბერის 10 რიცხვამდე პერიოდში ჩატარდება“, – განაცხადა ბლატერმა.
ფიფას პრეზიდენტმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების ალბათობა გამორიცხა.
„მინდა, გითხრათ, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მაშინ ტურნირის ორგანიზატორები იაპონელები და სამხრეთ კორეელები იყვნენ. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნდიალებს ერთდროულად ორი ქვეყანა აღარ უმასპინძლებს, მით უფრო – სამი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში, რომელსაც ამ ტურნირის მიღება შეეძლება“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.
ყატარის მუნდიალის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიიღებენ.
ბექა დოგრაშვილი