ბლატერი: “დღეს მნიშვნელოვანი დღეა”
ფიფას მოქმედმა ხელმძღვანელმა ზეპ ბლატერმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა წარვადგინე. ახლა სიტყვა კომიტეტზეა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბლატერმა.
ზეპ ბლატერს კონკურენციას გაუწევენ: იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ჟერომ შამპანი, ყოფილი ფეხბურთელები დავიდ ჟინოლა და ლუიშ ფიგუ, აგენტი მინო რაიოლა და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.
შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე ჟოაო აველანჟი შეცვალა. მან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება.