“ბორნმუთს” იჯარით ჯონ ტერის აყვანა სურს
ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “ბორნმუთის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” სეზონის ბოლომდე ჯონ ტერის იჯარის წესით აყვანის წინადადებით მიმართა. მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” “ბორნმუთში” განათხოვრებული ნათან აკე დათქმულზე ადრე უკან დაიბრუნეს, ედი ჰაუს გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები გაუჩნდა.
“ბორნმუთმა” აღნიშნული პრობლემის მოგვარება ჯონ ტერის მოწვევით გადაწყვიტა. 36 წლის ინგლისელი მცველი ანტონიო კონტეს თავკაცობის პერიოდში ძველებურად შეუცვლელი აღარ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან “ბორნმუთში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადოს. მიუხედავად ამისა, არ გამორიცხავენ, რომ ჯონ ტერიმ “ბორნმუთის” მაისური მაინც მოირგოს. ინგლისელ ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისს ეწურება და შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ “ალუბლებს” შეუერთდეს.