“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა
ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.
ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.
ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)
გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.