„ჩელსიმ“ ვენგერს საიუბილეო მატჩი ჩაუმწარა
ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩი ერთი გუნდის ამხელა უპირატესობით წარიმართებოდა. ეს არსენ ვენგერის თავკაცობით „მეთოფეთა“ მე-1000 შეხვედრა იყო. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ჟოზე მოურინიო არასდროს ჰყოლია დამარცხებული და ამის გაკეთებას აღნიშნულ საიუბილეო მატჩზე აპირებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! შეიძლება ითქვას, რომ „ჩელსიმ“ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება საწყისს 17 წუთში გაინაღდა.
მე-5 წუთზე ანდრე შიურლეს მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში სამუელ ეტოომ დააგვირგვინა, რომელმაც მალევე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. შოკირებულ „არსენალს“ აზრზე მოსვლა იმავე შიურლემ არ აცალა და მე-7 წუთზე ვოიცეხ შჩესნის კარის ბადე მეორედ შეარხია. მატჩის მე-15 წუთზე მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა. „მეთოფეებმა“ არბიტრის ვერდიქტი გააპროტესტეს და მიუთითეს, რომ ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პენალტი ზუსტად ედენ აზარმა შეასრულა და მე-17 წუთისთვის ტაბლოზე უკვე გამანადგურებელი ანგარიში ენთო — 3:0. ამის შემდეგ მასპინძლები ცოტაოდენ დამშვიდნენ, სტუმრებმაც სული მოითქვეს, თუმცა დროებით… 42-ე წუთზე ფერნანდო ტორესის პასით ოსკარმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა — 4:0.
მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ „პენსიონერები“ ფლობდნენ. 66-ე წუთზე ოსკარმა დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის ნაცვლად მოედანზე „ჩელსის“ ახალწვეული მოჰამედ სალაჰი გამოვიდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აქტიურად ჩაერთო თამაშში და 71-ე წუთზე გოლი მანაც გაიტანა — 6:0.
საბოლოო ჯამში, „ჩელსიმ“ „არსენალი“ ანგარიშით 6:0 დაამარცხა. აი, ასე ჩაუმწარდა საიუბილეო მატჩი არსენ ვენგერს.
მიმდინარე წელს „არსენალი“ ასე სამარცხვინოდ უკვე მეორედ დამარცხდა. მანამდე „მეთოფეები“ „ენფილდზე“ დაეცნენ, როდესაც „ლივერპულთან“ ანგარიშით 1:5 განადგურდნენ.
პირველადგილოსან „ჩელსის“ აქტივში 69 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“ კი 62 ქულა დარჩა.
ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
„ჩელსი“ — „არსენალი“ 6:0 (4:0)
„ჩელსი“: ჩეხი, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი (ობი მიკელი 72′), მატიჩი, ოსკარი (სალაჰი 67′), შიურლე, აზარი, ეტოო (ტორესი 10′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი (ჯენკონსონი 46′), გიბსი, არტეტა, როსიცკი, კაზორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 46′), პოდოლსკი (ვერმალენი 24′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: ეტოო 5′, შიურლე 7′, აზარი 17′ (პენ), ოსკარი 42′, 66′, სალაჰი 71′.
გაფრთხილება: როსიცკი 52′.
გაძევება: გიბსი 15′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.
ბექა დოგრაშვილი