დაძაბული და უგოლო მატჩი გორში
დღეს, გორში, ადგილობრივ “დილასა” და “დინამო თბილისს” შორის საქართველოს თასის გათამაშების პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
გუნდებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შეიქმნა. “დინამოს” გატანის შანსი ონვუს დარტყმის შემდეგ ჰქონდა, თუმცა მიგინეიშვილი ბურთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაეუფლა. გორელებმა მეტოქეს მე-14 წუთზე უპასუხეს. ამჯერად ანგარიშის გახსნა მოდებაძეს შეეძლო, რომლის ძლიერი დარტყმა ჰრდლიჩკას კარს მცირე მანძილით ასცდა.
“დინამოს” უპირატესობა აშკარა ხდებოდა. მე-19 წუთზე კაკაბაძემ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ დაარტყა. მიგინეიშვილის მოგერიებულ ბურთზე ყველას ონვუმ დაასწრო, მაგრამ ესპანელმა კვლავ ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი.
36-ე წუთზე “დინამოს” ლობჟანიძე დაუშავდა და თბილისელთა შეტევებსაც სიმწვავე მოაკლდა. მიუხედავად ამისა, ტაიმის დასრულებამდე მოედანზე მდგომარეობას სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ.
მატჩის მსვლელობა შესვენების შემდეგ შეიცვალა. უპირატესობას გორელები დაეუფლნენ, თუმცა განსაკუთრებით სახიფათო მომენტი მხოლოდ 71-ე წუთზე შექმნეს. გორელიშვილი შესანიშნავი მოძრაობის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა ძელს გაარტყა. დამატებაზე ხურცილავა აქტიურობდა, მაგრამ არაზუსტად.
დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე ორივე გუნდს შეეძლო. ტაბატაძის გარღვევის შემდეგ ჭანტურიშვილს ჰქონდა “დინამოს” დაწინაურების შანსი, საპასუხო შეტევაში კი თბილისელები ჰრდლიჩკამ გადაარჩინა.
საბოლოოდ, 0:0 და წყვილში გამარჯვებული თბილისში, “დინამო არენაზე” გასამართ საპასუხო დაპირისპირებაში გამოვლინდება.
დილა 0:0 დინამო
დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია (ერისთავი 87), კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 82), გორელიშვილი, თექთურმანიძე (სეთურიძე 46), მოდებაძე
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე, ბუკორაცი, ცინცაძე, პარუნაშვილი (ტაბატაძე 76), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 36), ჯიღაური, მანუელი (ჩირგაძე 66)