„დილამ“ ახალწვეულები წარადგინა
თურქული შეკრებიდან დაბრუნდებულმა გორის “დილამ” 17 თებერვალს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ახალწვეულები წარადგინა, რომელსაც პრესის წარმომადგენლები და „დილას“ გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე გორის „დილას“ ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, ასევე კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში, სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი და დირექტორი მოადგილე ალბერტ საყვარელიძე ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ კლუბის ახალი სპონსორის „ლიდერბეთის“ წარმომადგენლები, მათ ახალწვეულებს სათამაშო ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
წარდგენამდე მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. უჩა სოსიაშვილის თქმით, „დილამ“ თურქული შეკრება შესანიშნავ პირობებში ნაყოფიარად გაიარა და მეორე წრეს სრულ მზადყოფნაში ხვდება.
„ლიდერბეთის“ წარმომადგენლის ბაჩო სარალიძის განცხადებით გორის „დილა“ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს, ამიტომ კომპანია კლუბს ევროტურნირებზე ასპარეზობისთვის დახმარებას გაუწევს.
„ლიდერბეთის“ წარმომადგენლებს გორის „დილასთვის“ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა. ტუღუში იმედოვნებს, რომ „დილას“ მენეჯმენტსა და უშუალოდ საფეხბურთო გუნდში განხორციელებული ცვლილებები კლუბს დადებითად წაადგება.
გორის „დილას“ ახალწვეულები არიან: ომარ მიგინეიშვილი №12 (მეკარე), ალან ბაგაევი №13 (მცველი), სლავკო მარიჩი №3 (მცველი), გიორგი ხიდეშელი №4 (მცველი), გიგა სამხარაძე №70 (მცველი), ლაშა გვალია №77 (ნახევარმცველი), გიორგი თექთურმანიძე №90 (ნახევარმცველი), მიხაილ გორელიშვილი №9 (ნახევარმცველი), ირაკლი ძარია №88 (ნახევარმცველი).
პრესკონფერენციის დასასრულს გიორგი ტუღუშმა გორის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების შეერთების საკითხზეც ისაუბრა. აღანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბთან ერთად სპორტულ ასპარეზზე „დილას“ სახელით გორის საკალათბურთო გუნდიც გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 თებერვალს 14:00 საათზე თენგის ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა დაგეგმილი. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, მას დაეხმარებიან: ფიფია, სპიცინი, ნინუა, კვირიკაშვილი და კიკაჩეიშვილი.
„დილას“ პრესსამსახური