“დინამო” საქართველოს თასის ფინალში გავიდა
მიხეილ მესხის სახელბოის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალსა” და “დინამოს” შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა, რომელიც მასპინძელბმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ზედიზედ მესამედ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება “დინამომ” მოიპოვა.
მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. ჩანდა, რომ ორივე გუნდი ფრთხილ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. პირველი დარტყმა მასპინძლებმა მე5 წუთზე განახორციელეს, როდესაც ივანიშვილის მცდელობა ჰრდლიჩკას კარს მცირე მანძილით ასცდა.
თბილისელებმა კი პირველი მომენტი მხოლოდ მე-19 წუთზე შექმნეს. მანუელ ონვუ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა მისი დარტყმული ნადირაძემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე სტუმრებმა თამაშის წესი დაარღვიეს. 3 წუთში ნადირაძის კარს უკვე ბუკორაცი დაემუქრა და ამჯერადაც ცხინვალელთა კიპერი დამაჯერებელი იყო.
ანგარიში კი 38-ე წუთზე “დინამოს” დაცვის უხეში შეცდომის შემდეგ გაიხსნა. უყურადღებო თამაში თბილისელებს ივანიშვილმა არ აპატია და თავისიანები დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმიც მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. 51-ე წუთზე გატანა კილასონიას შეეძლო, თუმცა მის მიერ ძლიერად დარტყმული ჯარიმა ლიბორ ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ კარსი აღების შანსი მახარობლიძეს ორჯერ ჰქონდა, თუმცა ცხინვალელთა 13 ნომერს ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა.
მასპინძელთა გააქტიურებას “დინამომ” ლობჟანიძის და ჯიღაურის მცდელობებით უპასუხა. პირველ შემთხვევაში ბურთი ნადირაძის კარს მცირე მანძილით ასცდა, მეორე დარტყმა კი “ცხინვალის” კიპერის ნადავლი გახდა.
69-ე წუთზე მეორე ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ივანიშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც ფლანგიდან „დინამოს“ საჯარიმოში შევიდა, პასიც გააკეთა, თუმცა მას მასპინძელთაგან ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გამოეხმაურა. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში კი უკვე “დინამოს” ჰქონდა რეალური მომენტი, თუმცა შეცვლაზე შემოსული კიტეიშვილის დარტყმა ნადირაძემ მოიგერია.
დარჩენილ წუთებში მასპნიძლები შტურმზე გადავიდნენ, თუმცა “დინამომ” თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს რეალური მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.
ცხინვალი 1-0 დინამო თბილისი
გოლი: ივანიშვილი 38′
„ცხინვალი“: ნადირაძე, ლეკვთაძე(ცაცკრიალაშვილი ’78), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, კილასონია(კაჭკაჭიშვილი 88’), ივანიშვილი, ცერცვაძე, კაჭარავა(შინდაგორიძე ’72).
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, ონვუ(ჩირგაძე 61’), ჯიღაური(კიტეიშვილი ’72), ლობჟანიძე(ჭანტურიშვილი 89’).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაშვილი
გაფრთხილება: კაჭარავა – შერგელაშვილი, ფერეირა
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები