დინამოს სუპერთასი ჩისკომ მოაგებინა
დღეს, “დინამო არენაზე” წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო თბილისი” და საჩხერის “ჩიხურა” წარდგნენ. შეხვედრა გამორჩეული კიდევ ერთი მიზეზით იყო. თბილისელთა კაპიტანი, ჩისკო მუნიოსი, კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ ლეგიონერთან ერთად კარიერა დღევანდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალექსი კრიჭშვილმა დაასრულა.
პირველი მომენტი თბილისელებმა მე-5 წუთზე შემქნეს. ჩისკოს კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე პაპუნაშვილი გავიდა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა. სტუმრებმა მეტოქეს 6 წუთში დეკანოიძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს, რის შემდეგაც გუნდემბა მცირე პაუზა აიღეს. შემდეგ მომენტი მე-20 წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩისკო შორი დისტანციიდან ცდილობდა გატანას, თუმცა მისი დარტყმა ქვილითაიას იოლი ნადავლი გახდა. ესპანელს გატანა 34-ე წუთზეც შეეძლო. თბილისელთა კაპიტანი პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ საჩხერელთა კარის დალაშქვრას თავური დარტყმით ცდილობდა, თუმცა ბურთმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწია.
ტაიმის ბოლომდე თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა საგოლე მომენტების რაოდენობაზე ეს არ ასახულა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა “დინამოს” მხოლოდ 45-ე წუთზე მიეცა – ჩისკოს მიერ შესრულებული ჯარიმა ცოცხალმა კედელმა მოიგერია და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.
თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. შევედრა საკმაოდ ნელ ტემპში და მომენტების გარეშე მიმდინარეობა. სიმშვიდე მე-60 წუთზე დაირღვა. საჩხერელთა კონტრშშეტევა პენალტით დასრულდა. მუმლაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი შესრულება ღონღაძემ ითავა, თუმცა კარს ააცილა და რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
68-ე წუთზე “დინამოს” სწრაფი კონტრშეტევა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილი პაპუნაშვილის დარტყმით დასრულდა. ქვილითაიას ბურთის დაფიქსირება ამჯერადაც არ გასჭირვებია. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში ანგარიშის გახსნა ცინცაძეს შეეძლო, თუმცა ნახევარმცველის დარტყმული ჯარიმა საჩხერელთა კიპერმა მოიგერია. დამაჯერებლად მოთამაშე ქვილითაია შემდეგ ეპიზოდში შეცდა და დაჭერილი ბურთი ხელიდან გაუშვა. შედეგად, ხელსაყრელ პოზიციაში ლობჟანიძე აღმოჩნდა, რომელმაც კარს მცირე მანძილით ააცილა.
შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გატანას პარუნაშვილი ცდილობდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით სცადა ბედი, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ანალოგიურის გაკეთებას მუმლაძეც ცდილობდა. საჩხერელი ფორვარდი მიზანთან უფრო ახლოსაც იყო – “დინამო” ხარიხამ გადაარჩინა.
შეხვედრის ბედი ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაწყდა. მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ჩისკო მუნიოსმა ისარგებლა, ბურთი თავით ცარიელ კარში გადაგზავნა და კარიერის უკანასკნელ შეხვედრაში საკუთარ გუნდს გამარჯვება და სუპერთასი მოუპოვა.
დინამო თბილისი 1-0 ჩიხურა
გოლი: ჩისკო 90
დინამო თბილისი: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე, ჯანელიძე (ჩირგაძე 63′), პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (შერგელაშვილი 79′), ჩისკო (პაპავა 90′).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (მუმლაძე 46′), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები