დრამატული შეხვედრა “დინამო არენაზე”
“დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის პირველი დღის უკანასკნელი შეხვედრა შედგა, რომელშიც “დინამო თბილისმა” “ზესტაფონს” უმასპინძლა.
მატჩი სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-3 წუთზე ჰრდლიჩკა-ბუკორაცის შეუთანხმებელი თამაშით სიხარულიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. “დინამოს” წონასწორობის აღდგენა 3 წუთში შეეძლო, თუმცა პირისპირ გასულ ონვუს კუპატაძემ აუღო. მე-12 წუთზე ზესტაფონელთა კიპერი უკვე კიტეიშვილის დარტყმას გაუმკლავდა.
მასპინძელთა ტერიოტრიული უპირატესობა თვალსაჩინო ხდებოდა. თუმცა “ზესტაფონი” თავს კარგად იცავდა და მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა. სტუმართა დაცვამ ერთადერთი უხეში შეცდომა ტაიმის ბოლო წუთზე დაუშვა და მანუელ ონვუმაც ანგარიშის გათანაბრება შეძლო – 1:1.
“დინამო” უპირატესობას მეორე ნახევარში ფლობდა და 58-ე წუთზე თბილისელებმა დაწინაურებაც მოახერხეს. კიტეიშვილზე უხეშობის გამო დანიშნული პენალტი გოლად მანუელ ონვუმ აქცია. ესპანელმა ფოვარდმა პირველი ქართული დუბლი შეასრულა. მასპინძლებს თითქოს შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანათ, თუმცა 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სამუშიამ კვირკვიას პასით წონასწორობის აღდგენა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდშიც “დინამოს” მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა უშეცდომო არ ყოფილა.
“დინამომ” უპირატესობის დაბრუნება მალევე მოახერხა. მეკარესთან პირისპირ გასული მანუელ ონვუ საჯარიმოს ხაზზე კუპატაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და ყვითელი ბარათიც მიიღო. სახიფათო ჯარიმა უძიერესი დარტყმით გოლად ლაშა თოთაძემ აქცია და 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა. თბილისის “დინამომ” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური დაიბრუნა, “ზესტაფონი” კი მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.
დინამო თბილისი 3-2 ზესტაფონი
გოლები: სიხარულია 3′ (0:1); ონვუ 45′ (1:1), ონვუ 58′(2:1), სამუშია 70′(2:2), თოთაძე 73′(3:2)
სიხარულძე. „დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, ფერეირა, თოთაძე, ბუკორაცი(პარუნაშვილი 56′), ცინცაძე, ჭანტურიშვილი(ჩირგაძე 64′), შერგელაშვილი, კიტეიშვილი(ჯანელიძე 79′), ონვუ.
მთ.მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
„ზესტაფონი“: კუპატაძე, რობაქიძე, ლომაია, მარაქველიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, სიხარულია, რაჟამაშვილი(სამუშია 68′), ილურიძე, ჯერემია(კვირკვია 56′), სიხარულიძე.
მთ.მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები