დუნგა: „ნეიმარის გარეშე სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ“
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ კოლუმბიასთან წაგებული მატჩი შეაფასა და ნეიმარის დისკვალიფიკაციის შესახებაც ისაუბრა.
„ნეიმარის გარეშე აქამდეც გვითამაშია და ამისთვის მზად ახლაც უნდა ვიყოთ. ჩვენ გუნდი გვყავს.
ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ არაპროფესიონალურად მოქცევა შეგვიძლია.
თუ ჟურნალისტები მსაჯის შესახებ ბევრს კითხულობენ, ესე იგი, პრობლემა მასშიცაა. დღეს არბიტრი ყველაფერს ვერ გაუმკლავდა.
კოლუმბიამ არ გაგვაკვირვა, ვიცოდით, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ ეს გუნდი სხვანაირად ითამაშებდა. ჩვენი გუნდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას ყოველთვის მოგება სურს.
კოლუმბიამ საკმაოდ ინტენსიურად ითამაშა. ამ გუნდს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, დაწინაურების შემდეგ მეტოქე თამაშის სადავეებს კარგად აკონტროლებდა.
შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლას? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დუნგამ.