ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს ვაკის “მედიათეკაში” (ვაკის პარკში) საქართველოს ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართა.
ჩემპიონატის რანგით უმაღლესი დივიზიონის სახელწოდება ეროვნული ლიგა იქნება. რანგით შემდეგ ლიგებს კი ეროვნული ლიგა 2 და ეროვნული ლიგა 3 დაერქვათ. ჩემპიონატს სრულიად ახალი ლოგო აქვს. სიახლეა ისიც, რომ კლუბების მაისურებზე ფეხბურთელების გვარები ქართული შრიფტით იქნება მითითებული. ეროვნულ ლიგას აქვს სპეციალური ვებგვერდი (eliga.ge), რომელზეც სიახლეებთან ერთად განთავსებული იქნება სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია, თითოეულ მატჩს ექნება ცალკე გვერდი, გულშემატკივრებისთვის პორტალზე ჩატარდება ფენტეზიც.
სიახლეა ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქების მხრივაც. ეროვნული ლიგის მედიაპარტნიორი საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება, რომელიც თითოეული ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და ტურის შემაჯამებელ გადაცემას შემოგთავაზებთ. გულშემატკივარს ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრის ლაივრეჟიმში ხილვის შესაძლებლობა ეროვნული ლიგის ვებგვერდზე ექნება და მათი გადაღება მინიმუმ ოთხი ვიდეოკამერით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ახალი გათამაშება ხვალ, “სამტრედიასა” და ქობულეთის “შუქურას” შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.