გამარჯვება დებიუტანტის გოლით
მიხეილ მესხზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინს 2:0 სძლია. გამარჯვება რა თქმა უნდა სასიხარულოა, თუმცა ნაკრებმა კვლავ ვერ აჩვენა დამაჯერებელი და ხარისხიანი ფეხბურთი.
ჩვენი გუნდის თამაშში არც კომბინაციურობა, არც გუნდურობა და არც განსაკუთრებული ჟინი არ იგრძნობოდა. შედეგი კი, რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ განაპირობა.
მატჩი თანაბრად დაიწყო, პირველ წუთებში ბურთს სტუმრები ფლობდნენ და მე-7 წუთზე პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შეიმნა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში, ლიხტენშტაინელთა შემადგენლობაში გამორჩეული, ნიკოლას ჰასლერი შეიჭრა და სიტუაციის გამწვავება სცადა, თუმცა დარტყმამდე საქმე არ მისულა.
სამ წუთში სტუმრებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უპასუხეს სახიფათო მომენტით. ლობჟანიძის ჩაწოდებას კობახიძე გამოეხმაურა, თუმცა სანდროს დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.
მე-19 წუთზე კი ანანიძე-ოქრიაშვილი-ებრალიძის შესანიშნავ კომბინაციას ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა გახდა, რაც ძირითადად ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა. პირველი გოლი კი, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა 25-ე წუთზე იხილა. ანანიძის შესანიშნავ გადაცემას ნაკრების დებიუტანტი გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა. “კლუჟის” ახალწვეულმა ბურთი მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გაუმკლავდა და სტუმრათა კიპერს აუღებლად დაურტყა – 1:0. უნდა ითქვას, რომ ჭანტურიამ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა მხრიდან.
ტაიმის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობის შენარჩუნება შესძო, თუმცა ხიფათი სტუმართა კართან არ იქმნებოდა.
მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თამაშში კიდევ ერთი დებიუტანტი, ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო.
ტაიმის დასაწყისში აღსანიშნავია ჯანოს ტექნიკური დარყტმა და ოქრიაშვილის ლამაზი ცრუმოძრაობები. თორნიკემ ჭანტურიას გასვლის შემდეგ გუნდის ლიდერის ფუნქცია იტვირთა და კარგადაც გაართვა მას თავი.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს უპირატესობის გაზრდის საშუალება ბევრჯერ ექნებოდა, ჩვენს ფეხბურთელებს მეტი ფანტაზიით რომ ეთამაშად. სწრაფი შეტევის წამოწყების და თამაშის დროული გამწვავება ჩვენთვის კვლავ პრობლემად რჩება.
მეორე გოლი ქართველებმა ოქრიაშვილის წინააღმდეგ დარღვევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანეს. ზუსტი დარტყმა ჯანო ანანიძის ანგარიშზეა.
მატჩის ბოლოს ჩვენებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. აღსანიშნავია ბაჩანა ცხადაძის ეპიზოდი. ბაქოს “ინტერის” ფორვარდმა ცარიელ კარს დაახლოებით 4-5 მეტრიდან ააცილა.
საბოლოო ჯამში, არც თუ ისე დამაჯერებელი 2:0 ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ნაკრებთან. ფაქტია, რომ ასეთ თამაშს ჩვენი მომავალი მეტოქეები არ გვაპატიებენ.
საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი
გოლები: ჭანტურია 25′ ; ანანიძე 76′ (პენ)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია (კვერკველია 75′), კაშია, გრიგალავა (კვირკველია 45′), ებრალიძე (ყაზაიშვილი 45′), კანკავა (კაპ), კობახიძე (დაუშვილი 45′), ოქრიაშვილი (დვალიშვილი 78′), ანანიძე, ჭანტურია (ცხადაძე 58′)
სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, სალუქვაძე, ხიდეშელი, ძარია, კაკუბავა.
მწ.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ლიხტენშტაინი: ბიჩერი, ვოლფინგერი (გური 87′), ერნე (ებერლე 70′), კაუფმანი, სტოკლასა, კრისტენი, ილდიზი, ჰასლერი, ბუჩელი, მარიო ფრიკი (დანილსონი 45′), ბურგმეიერი.
სათადარიგოები: იეჰლე, გუბსერი, მასრი, ერისი.
მთ. მწვრთნელი: რენე პაურიტში