იგუაინი: “ეს უნდა გამეკეთებინა!”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, გონსალო იგუაინმა თავის გადაწყვეტილებაზე, ყოფილი კლუბის – “ნაპოლის” ფანებზე, მწვრთნელსა და პრეზიდენტზე ისაუბრა.
“ბოლო დღეების განმავლობაში კომენტარს არ ვაკეთებდი, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ “ნაპოლიში” სამი საოცარი წელი გავატარე, ყველას მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ის პირადი მიზეზების გამო მივიღე. მესმის, რომ ნეაპოლში ჩემზე გაბრაზებულები არიან, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.
მაურიციო სარისთან (“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი – ავტ.) მუშაობით კიდევ უფრო გავიზარდე, ის დიდებული სპეციალისტია. თუ სარი ჩემზე იმიტომაა ნაწყენი, რომ მას არ დავემშვიდობე, მაშინ ბოდიშს ვუხდი. მისთვის მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, “ნაპოლის” დატოვება ჩემი გადაწყვეტილება იყო, თუმცა პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა წასვლისკენ მიბიძგა. ფანებსა და თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი, მაგრამ მას – არა. რა თქმა უნდა, დე ლაურენტისთან ურთიერთობა აღარ მექნება, მის გვერდით ერთი წუთით გაჩერებაც კი არ შემიძლია”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს ESPN.