იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა
„ტორინოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა.
დღეს იტალიელი ფეხბურთელი დორტმუნდს ეწვია და გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იმობილე „ბორუსიაში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო გაიღო.
„მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოუთმებლად ველი სადებიუტო მატჩს“, – აღნიშნა იტალიელმა თავდამსხმელმა.
იტალიის სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ჩირო იმობილემ 33 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ბექა დოგრაშვილი