“ინტერმა” მილანურ დერბიში ქულა კომპენსირებულ დროში მოიპოვა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც შეხვედრის ნომინალურმა მასპინძელმა “მილანმა” თანაქალაქელი “ინტერი” მიიღო. “ნერაძურიმ” თავიდანვე ინტენსიური თამაში გააჩაღა და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა. მე-14 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, როდესაც ივან პერიშიჩი ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა ბურთი პირდაპირ ჯანლუიჯი დონარუმას მიუვიდა. ათი წუთის შემდეგ ხორვატი “მილანს” უკვე თავური დარტყმით დაემუქრა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა, მომენტი ჯეფრი კონდოგბიასაც ჰქონდა. როდესაც ბურთით “როსონერი” იყო, “ინტერი” საკმაოდ ზემოთ იწევდა, მეტოქეს თავისუფალ ზონებს მაქსიმალურად უზღუდავდა და აქტიურ პრესინგს მიმართავდა, რასაც არაერთხელ მოჰყვა “მილანის” მცველთა და მეკარის მხრიდან შეცდომა. ტაიმის მიმდინარეობისას გარი მედელი დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში მურილიო ჩაერთო. “ინტერის” სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ტაიმის ბოლოს “მილანი” დაწინაურდა. სტეფანო პიოლის გუნდმა შესვენებაზე გასვლამდე პაუზა აიღო და მეტოქეს კონტრთამაშის საშუალება მისცა, რაც “როსონერიმ” ჩინებულად გამოიყენა: 42-ე წუთზე ჯაკომო ბონავენტურამ თავისუფლად განვლო მოედნის ცენტრი და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი სუსო მოძებნა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარში მარცხენა ფეხით მოჭრილი დარტყმა გაგზავნა, ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დებიუტში ბონავენტურას სხვაობის გაზრდის შანსი მიეცა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა. სამაგიეროდ, “ინტერმა” შეძლო 53-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა. “მილანის” საყრდენებმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ანტონიო კანდრევას გადაკეტვა ვერ მოასწრეს და იტალიელმა შორეული ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად ხუთ წუთში “მილანმა” ხელმეორედ დაწინაურება მოახერხა. “ნერაძურის” ნახევარდაცვისა და დაცვის არაეფექტიანი თამაშით კვლავ სუსომ ისარგებლა და დუბლი გაიფორმა. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში “ინტერმა” ის სათამაშო უპირატესობა გაანიავა, რომელსაც საწყის 40 წუთში ფლობდა. ტაიმის უმეტესი ნაწილი არეულ თამაშში წარიმართა, გახშირდა ჯარიმებიც, ყოველი დაკარგული წუთი კი “მილანის” წისქვილზე ასხამდა წყალს. მატჩის ბოლოს “ინტერის” შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო: მეორე დამატებულ წუთზე ივან პერიშიჩმა ახლო მანძილიდან დარტყმით წონასწორობა აღადგინა და “დერბი დელა მადონინას” საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
“მილანი” სატურნირო ცხრილში 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება, “ინტერი” კი 18 ქულით მეცხრე ადგილზეა.
იტალიის სერია A
XIII ტური
“მილანი” — “ინტერი” 2:2 (0:1)
“მილანი”: დონარუმა; აბატე, პალეტა, გომესი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა (პაშალიჩი 88′); სუსო, ბაკა (ფერნანდესი 71′), ნიანგი (ლაპადულა 79′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
“ინტერი”: ჰანდანოვიჩი; დამბროსიო, მირანდა, მედელი (მურილიო 37′), ანსალდი (ნაგატომო 65′); ბროზოვიჩი (იოვეტიჩი 75′), ჟოაო მარიო, კონდოგბია; კანდრევა, იკარდი, პერიშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: სუსო 42′, 58′ — კანდრევა 53′, პერიშიჩი 90+2.
გაფრთხილებები: კუცკა 22′, დე შილიო 32′ — კონდოგბია 19′, ანსალდი 49′, იოვეტიჩი 78′, პერიშიჩი 90+3′.