WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (139093) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,56,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

„იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორა, „რომამ“ პირველი მარცხი იწვნია

თარიღი: იანვარი 6, 2014

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მხარეებს შორის დაპირისპირება შეხვედრამდე კარგა ხნით დაიწყო, როცა რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბებერ ქალბატონს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯაბნის, „იუვეს“ უპირატესობა კი მხოლოდ გუნდური თამაშია. ტოტის ამ განცხადებას დანიელე დე როსიმაც დაუჭირა მხარი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტოტის ეს სიტყვები პროვოკაციად მონათლა და აღნიშნა, რომაელები პასუხს მოედანზე მიიღებენო. მიიღეს კიდეც! შეხვედრის დასაწყისში თითქოს უპირატესობა „მგლებს“ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ტურინელებმა გახსნეს — კარლოს ტევესის გადაცემა ახლო მანძილიდან არტურო ვიდალმა დააგვირგვინა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა საჯარიმოში ანდრეა პირლოს მიერ ბურთის ჩამოწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა განამტკიცა. ტაიმის შუაწელს, ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს: ჯერ დანიელე დე როსი გააძევეს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი — ლეანდრო კასტრომ ითამაშა ხელით და საკუთარი კარიდან ბურთი გამოაგდო, რის გამოც მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ „რომას“ მცველი გააძევა და სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა — 3:0. სხვათა შორის, მატჩს ტურნელთა ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგეც ესწრებოდა, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისგან სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. „რომამ“ კი, რომელმაც საწყისი ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ლიდერმა „იუვენტუსმა“ მადევარ „რომასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ახლა მათ უკვე 8 ქულა აშორებთ — „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა მოუგროვდა, დედაქალაქურ გუნდს კი 41 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
XVIII ტური
„იუვენტუსი“—„რომა“ 3:0 (1:0)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79′), პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 59′), ლორენტე (კვალიარელა 81′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55′), დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (დესტრო 55′), ლიაიჩი, ტოტი (ფლორენცი 72′), ჟერვინიო.
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ვიდალი 17′, ბონუჩი 48′, ვუჩინიჩი 77′ (პენ).
გაფრთხილებები: ტევესი 33′, კიელინი 34′, ბარძალი 87′ — ჟერვინიო 37′, ლიაიჩი 83′.
გაძევებები: დე როსი 75′, კასტანი 76′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები