ჯერარდი: “ბენიტესს არ მოვწონდი, როგორც ადამიანი”
24 სექტემბერს სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცემა. წიგნში ინგლისელი ფეხბურთელი სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს იხსენებს. ერთ-ერთი მონაკვეთი მასსა და “ლივერპულის” ყოფილ თავკაც რაფაელ ბენიტესსთან ურთიერთობას ეხება. როგორც ჯერარდი წერს, მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ ყოფილა და კონტაქტი ამ დრომდე არ აქვთ.
“არ ვფიქრობ, რომ რაფას მოვწონდი, როგორც ადამიანი. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს გრძნობა დამრჩა. ალბათ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგი დედაჩემს შეხვდა. ეს მანამდე იყო, ვიდრე პირველად გამესაუბრებოდა.
რაფა “ლივერპულის” თავკაცად 2004 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მე პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი.
მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ჟერარ ულიე შეცვალა, ამ უკანასკნელს მაინც უყვარდა “ლივერპული” და ჩემთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. იგი დედაჩემთან ერთად პორტუგალიაში გამოემგზავრა, რომ ხორვატიის ნაკრებთან ჩემი თამაშისთვის ეცქირათ. ისინი შემთხვევით რაფას შეხვდნენ.
ჟერარმა დედაჩემს რაფა გააცნო. რაფა დედას მიესალმა, ხელი ჩამოართვა და ძალიან უხერხული კითხვა დაუსვა: “უყვარს სტივენს ფული?”
ნორმალური მისალმების ნაცვლად, სწორედ ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ეს რა კითხვაა?
“ლივერპულის” ნებისმიერ ყოფილ მწვრთნელთან შემიძლია დარეკვა, რაფას გარდა.
ეს ძალიან ცუდია, რადგან 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის საოცარი ფინალი ერთად მოვიგეთ, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.
პრესკონფერენციებზე მას შეეძლო, ფეხბურთელების სახელებით მოხსენიება, თუმცა ჩემზე საუბრისას ყოველთვის გვარს ამბობდა. იგივე მდგომარეობა იყო გასახდელშიც: სხვებს მეტსახელებით მიმართავდა, მე კი – “ჯერარდით”.
“სტივის” დაძახებით უკეთ კი არ ავთამაშდებოდი, არა, სულაც არაა საინტერესო, რას დამიძახებდა. მე მაინც ყოველ თამაშში მოსაგებად გავიდოდი მოედანზე და რაფაც დაგვეხმარებოდა გამარჯვების მიღწევაში. იგი ტაქტიკაში საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია.
ჩვენ ერთმანეთთან ულტრაპროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა და მისი სიცივე უკეთეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, რომ მისგან კომპლიმენტი მიმეღო და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მე მას ვჭირდებოდი, როგორც მოთამაშე. ჩვენ ერთმანეთთან ცეცხლი და ყინულივით ვიყავით. განცდებით ვიყავი დამუხტული, რაფა კი სტრატეგიულად აზროვნებდა.
ხვალ ერთმანეთს შემთხვევით სადმე რომ შევხვდეთ, უსიამოვნო ფაქტი არ იქნება, თუმცა შესაძლოა, დადგეს ის დღე, როდესაც უფრო ღრმა და მეგობრული საუბარი გვექნება იმ ყველაფრის შესახებ, რაც “ლივერპულში” ერთად გამოვიარეთ”, – წერს ჯერარდი.