კასილასის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია (ფოტოები)
მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა გამოსათხოვარი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.
“მადლობა, რომ მობრძანდით, რათა ერთად გავიზიაროთ ეს განსაკუთრებული დღე. ვემშვიდობები ყველას, ვინც მხარს უჭერს “რეალს”.
“პორტუში” ბევრი მიზეზის გამო მივდივარ: პირველი იმის გამო, რომ მწვრთნელმა დამანახა გუნდის გზნება. მეორეც, მათ ჩემდამი დიდი სითბო გამოავლინეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედები არ გავუცრუო და მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო.
25 წლის შემდეგ ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა. კლუბმა არამხოლოდ ის მასწავლა, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, არამედ ისიც, თუ როგორი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. თითოეული მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი იყვნენ ჩემი განვითარების საფუძველი.
მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებსა და ოჯახს.
მადლობა ფანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ კარგ და ცუდ პერიოდებში. მათ ხელი გამომიწოდეს, როდესაც წამოყენება მჭირდებოდა. არ მინდა დამიმახსოვრონ კარგ ან ცუდ მეკარედ, მინდა დამიმახსოვრონ კარგ ადამიანად, ჩემივე შეცდომებით.
სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის გავიმეორებ: “Hala Madrid!”, – აღნიშნა კასილასმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.
კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.