ხავი მარტინესის დაბრუნება გადაიდო
ესპანელი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, აგვისტოს თვეში, როდესაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ეკვადორს უპირისპირდებოდა, მარტინესმა დაზიანება მიიღო. თითქმის უკვე სრულად მორჩენილი იყო გამოჯანმრთელების პროცესი, როცა ესპანელი ფეხბურთელი უეფას სუპერ თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაშავდა. ამის შემდეგ, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.
ნავარაუდევი იყო, რომ 25 წლის მოთამაშეს ვარჯიში მიმდინარე კვირაში უნდა დაეწყო. თუმცა, გერმანული მედიის ინფორმაციით, მისი მკურნალობა ჭიანურდება. თუ როდიდან შეძლებს ბავარიელთა ნახევარმცველი თავისი გუნდის დახმარებას, ჯერჯერობით უცნობია.
ხავი მარტინესისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს მისი თანემემამულის, ტიაგო ალკანტარას გამოჯანმრთელება. 22 წლის ფეხბურთელის ლაზარეთში ყოფნის პერიოდი დასასრულს თანდათან უახლოვდება.
სანდრო საპანაძე