ლევან მაჭარაშვილი – 17 წლის ქართველი უკრაინაში
საქართველოს ფარგლებს გარეთ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან. მათ რიცხვს 1997 წელს დაბადებული ლევან მაჭარაშვილიც შეემატა, რომელიც კარიერას კიევის “ობოლონში” გააგრძელებს. ახალგაზრდა მოთამაშეს უკრაინაში დავუკავშირდით და მის ახალ გუნდზე ვესაუბრეთ.
– “ობოლონში” ბიძაჩემის დახმარებით მოვხვდი. თავიდან ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ავუღე ალღო. ფეხბურთის თამაში აქ ახლიდან დავიწყე. პოზიციით თავდამსხმელი ვარ, თუმცა “ობოლონში” შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ.
– საქართველოში სად თამაშობდი?
– ვთამაშობდი თბილისის “ჩემპიონში”, “ოლიმპში” და “საბურთალოში”.
– შენს ახალ გუნდს რა გეგმები აქვს?
– მომავალ სეზონში “ობოლონი” პირველ ლიგაში ითამაშებს. მე კი პირველ გუნდში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვარ.
– გამოდის, რომ შენი თამაშით კმაყოფილები არიან…
– დიახ და დიდ იმედებს ამყარებენ. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს თავს ვიქებ, უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც გუნდში მეუბნებიან. ჩვენს თამაშზე ამერიკიდან ბრუკლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო ჩამოსული. ჩემი თამაში ძალიან მოეწონა და სწავლის დაფინანსება და აშშ-ში გადაბარგება შემომთავაზა. თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინაში თამაში მირჩევნია. აქ გამოცდილებას მივიღებ და უკეთეს გუნდში გადასვლასაც შევძლებ.
– ასაკობრივი ნაკრებიდან ინტერესი თუ ყოფილა შენს მიმართ?
– არა, და ამის გამო გული ძალიან მწყდება. საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა ყველა ქართველის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მაყურებლის წინაშე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია.