ლიორენტეს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში თავისი უპირატესობა უნდა გაემყარებინა, რისთვისაც ანტონიო კონტეს შეგირდებს „უდინეზე“ უნდა დაემარცხებინათ.
შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო – მასპინძლები მეტოქის კარს უტევდნენ. შორეული დისტანციიდან დე ჩელიემ რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტუმართა მცველები ზუსტად თამაშობდნენ. იყო მომენტებიც, როდესაც თამაშში მეკარე ბრკიჩიც ერთვებოდა. „უდინეზეს“ კარის დარაჯმა კარლოს ტევესის დარტყმულის მოგერიება შეძლო. ტურინელები მეტოქის საჯარიმოში ხშირად კომბინირებდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში გვიდოლინის შეგირდები თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდნენ.
„იუვენტუსს“ გოლის გაშვებაც შეეძლო – ერთ ეპიზოდში შეცდომა ლეონარდო ბონუჩიმ დაუშვა, თუმცა ბუფონმა დი ნატალეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის ნამდვილ გმირად ჯიჯი მეორე ნახევრის დასაწყისში იქცა, როდესაც კვლავ დი ნატალეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ უდინელები შორიდან ურტყამდნენ, თუმცა პრობლემა ბუფონისთვის არც ეს აღმოჩნდა.
რაც შეეხება ტურინელებს, ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სახიფათოდ მიდიოდნენ წინ. აქტიურობით ტევესი და ცვლილებაზე გამოსული ლიხშტაინერი გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ მატჩში თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანას ისინი უკვე ვერ შეძლებდნენ. ასეა თუ ისე, კომპენსირებულ დროში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლი მაინც გაიტანა – ლიხშტაინერის ჩაწოდებას ფერნანდო ლორენტეს თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.
შედეგად, ბუფონის კარგი თამაშისა და ზემოხსენებული ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვემ“ თავის აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0
გოლი: ლიორენტე 90+1′
„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო (პოგბა 15′), მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 76′), ტევესი, ლიორენტე
„უდინეზე“: ბრკიჩი, ერტო, დანილო, დომიცი, სილვა, ლაცარი, ალანი, ფერნანდეში (ბადუ 61′), პერეირა (მაიკოსუელი 88′), ბასტა, დი ნატალე
გაფრთხილებები: ლიორენტე, კვალიარელა – ერტო
ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 3 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება „უდინეზეს“, გვიდოლინის გუნდი ამჟამად 16 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.
შემდეგ ტურში კონტეს გუნდი „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზე“ – „ნაპოლის“.
მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი კი ხვალ და ზეგ შედგება. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო ზეგ „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.
ალექსანდრე მატევოსოვი