მერებაშვილი: „ოფი-დან მივდივარ, აქ პატივს არ მცემენ“
ბერძნული ოფი, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობს, უმძიმეს ვითარებაში რომ არის, ამის შესახებ ჩვენს საიტზეც არაერთხელ თქმულა. ამჯერად სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მერებაშვილმა კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც Gazzetta.gr-ს განუცხადა.
„ოფი-დან მივდივარ. გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც არ შევცვლი. როდესაც კლუბი პატივს არ გცემს, შენ არ უნდა დარჩე.
არამგონია, ოფი-სთან ერთად ჩემი უფლებებისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძოლო“, – განაცხადა მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერძნულ კლუბში 2014 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადაბარგდა. საბერძნეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მერებამ 4 გოლიც გაიტანა.
ფინანსური პრობლემების გამო წელს ოფი-ს მოთამაშეებისთვის ხელფასი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.