მეტალურგმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
დღეს, რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე საქართველოს 26-ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ბათუმის “დინამოს” უმაპსინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტში გუნდებმა სწრაფი გოლები გაცვლაეს. მე-7 წუთზე რუსთაველებმა მარჯვენა ფლანგიდან კარგი შეტევა განახორციელეს. ქავთარაძის ჩაწოდებას საჯარიმოში სიხარულიძე გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სტუმრები არ დაიბნენ და გათანაბრება მომდევნო შეტევაში მოახერხეს. ბედიაშვილთან პირისპირ დარჩენილ შონიას გატანა არ გასჭირვებია.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდიანარეობდა. სიცხის გამო, გუნდები საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად მატჩიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.
რუსთაველები ხიფათს ძირითადად სტანდარტულებიდან ქმნიდნენ. გატანის შანსი მეტოქის საჯარიმოში ჩასულ ცნობილაძეს მიეცა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.
37-ე წუთზე სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება ბათუმელებმა ჩირიკაშვილის ძალისხმევით მოიპოვეს. ჯარიმის დარტყმა დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ტაიმის ბოლო წუთზე “მეტალურგმა” გატანა მოახერხა, რასაც ბათუმელთა პროტესტი მოჰყვა. “დინამოელების” აზრით მეტოქემ ბურთი კარში ხელით გადაგზავნა. მსაჯმა პაუზის შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება დაიძაბა, თუმცა ფეხბურთელების დაწყნარება მალევე მოხერხდა.
მეორე ნახევარი “მეტალურგის” იერიშებით დაიწყო. რუსთაველები ხიფათს კვლავ სტანდარტულებიდან ქმნიდნენ.
მე-60 წუთზე გატანა “დინამოს” შეეძლო. სტუმრების რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩირიკაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველს გასცდა და კარში დაარტყა, თუმცა ბათუმელთა შვიდიანს ხელი ძელმა შეუშალა.
66-ე წუთზე კი რუსთაველები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. მორიგი კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით დაჩი ცნობილაძემ ისარგებლა და ბურთი კარში ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა – 2:1.
დარჩენილ დროში “დინამო” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა სტუმრებმა ვეღარ შესძლეს. “მეტალურგმა” ანგარიში შეინარჩუნა და ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვება იზეიმა.
გოლები: სიხარულიძე 7′ (1:0); შონია 8′ (1:1); ცნობილაძე 66′ (2:1)
მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ვ.კილასონია, ნარიმანიძე (გ, კილასონია 40′), ექვთიმიშვილი, ქავთარაძე, კაკაშვილი (ქიტეიშვილი 56′), ვასაძე, ცნობილაძე, სიხარულიძე (ტორონჯაძე 58′), ხაბელაშვილი.
სათადარიგოები: ნადირაშვილი, გოცაძე, გელაშვილი, მიქ აუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, მაკარიანი, სუხიაშვილი, ვარშანიძე (თევდორაძე 83′), შონია, მახარაძე, ბერიაშვილი (ტატანაშვილი 46′), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (მუჯირი 46′).
სათადარიგოები: მამინაშვილი, გოგიტიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე,
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი