მიხაელ შუმახერი კომაშია
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კვირას, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დავარდა და თავის მძიმე დაზიანება მიიღო. გერმანელ ავტომრბოლელს დამცავი ჩაფხუტი კი ეხურა, თუმცა ვარდნა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. შუმახერი სასწრაფოდ მუტიეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი გრენობლის კლინიკაში მოათავსეს.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 44 წლის ავტომრბოლელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც გაირკვა, ლეგენდარულ ავტომრბოლელს ტვინში სისხლი ჩაექცა.
თბილისის დროით დაახლოებით ღამის 02:00 საათზე კი, შუმახერის მენეჯერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გერმანელი ავტომრბოლელი კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. აქვე ვრცელდება ცნობა, რომ გრენობლის კლინიკაში გადაყვანისას შუმახერი უკვე იყო კომაში. ამ დროისთვის მხოლოდ ეს არის ცნობილი.
ბექა დოგრაშვილი