„მილანმა“ შინ ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო
იტალიის სერია A-ს XIII ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო. მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-4 წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გრძელი გადაცემით კაკა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, ბრაზლიელ ფეხბურთელს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. მილანელებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად ხუთ წუთში „მილანის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ აქცია – ანგარიში გათანაბრდა 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „ჯენოას“ მცველი ტომას მანფრედინი გააძევა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში მარიო ბალოტელი წააქცია. დანიშნული პენალტის შესრულება დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მატია პერინმა აიღო.
საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უდავოდ „ჯენოას“ აქტივში უნდა ჩაითვალოს. გენუელებმა ათი კაცის შემადგენლობით „სან სიროზე“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს.
„ჯენოა“ 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „მილანს“ 14 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
XIII ტური
„მილანი“-„ჯენოა“ 1:1
გოლები: კაკა 4′ – ჯილარდინო 9′ (პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი 37′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ემანუელსონი 12′, საპატა 13′, ბონერა 89′ – ბიონდინი 68′, ვრსალიკო 90′.
გაძევება: მანფრედინი 36′.