პირველი წრის შეჯამება: ზუგდიდი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. რუბრიკას გათამაშების ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფი “ზუგდიდით” ვიწყებთ.
“ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის დასაწყისში სათავეში გამოცდილი მწვრთნელი, ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა, თუმცა სეზონის სტარტი მეგრულ გუნდს კატასტროფული ჰქონდა. საწყის 9 ტურში “ზუგდიდს” ერთხელაც არ მოუგია და აქტივში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, რის შემდეგაც მუმლაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
მუმლაძე ზუგდიდში ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ბესიკ შეროზიამ შეცვალა, რომლის მოსვლის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო და ზუგდიდელებსაც მდგომარეობის გამოსწორების იმედი მიეცათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ზუგდიდმა” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “სამტრედიას” გასვლით შეხვედრაში სძლია.
თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. ზუგდიდელები თასის გათამაშებას “მეტალურგთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ (ორი მატჩის ჯამში 0:7). ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ ოთხ ტურში კი მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე ბოლო პოზიციით გავიდნენ.
პირველ ეტაპზე გუნდის შემადეგნლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 30 წლის შოთა ლომია იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში “ზუგდიდის” კაპიტნობასაც ითავსებს. თბილისის “დინამოში” გატარებულ მცირე პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ლომია პრაქტიკულად მთელი კარიერის განმავლობაში ზუგდიდურ ფეხბურთს ემსახურება. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლია და ამ მაჩვენებლით ამ ეტაპზე ის გუნდის ლიდერია.
“ზუგდიდმა” მეორე ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კლუბში ახალი წლის შემდეგ 6-7 ახალი მოთმაშის გამოჩენას ელიან, რათა მეორე წრეში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩეუნება მოახერხონ.