“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, “სამეფო კლუბმა” “ლივერპული” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრა “ლივერპულმა” საკმაოდ აქტიურად დაიწყო და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია, თუმცა პირველი ტაიმის შუაწელს მერსისაიდულმა გუნდმა მთავარი ლიდერი მოჰამედ სალაჰი დაკარგა, რის შემდეგაც “წითლების” შეტევითი პოტენციალი მკვეთრად შემცირდა. სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ამ ეპიზოდის გამო რამოსს მთელი ტაიმის განმავლობაში “ლივერპულის” ფანების მხრიდან სტვენა არ მოკლებია. მანამდე თუ “რეალი” საკმაოდ ფრთხილად თამაშობდა, სალაჰის გასვლის შემდეგ “სამეფო კლუბი” გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. პირველი ნახევრის მიმდინარეობისას იძულებითი ცვლილების განხორციელება ზინედინ ზიდანსაც მოუწია: მადრიდელთა რიგებში დანი კარვახალი დაიმტვრა და სალაჰის მსგავსად მოედანი მანაც აცრემლებულმა დატოვა. ტაიმის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ ლორის კარიუსმა სასწაულებრივი რეაგირება გამოავლინა და ბურთი მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარმა კარიმ ბენზემამ დაამატა და გაიტანა, თუმცა მსაჯმა პორტუგალიელ ფეხბურთელზე სამართლიანად თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ნულები ძალაში დატოვა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.
“რეალს” მეორე ტაიმის სტარტზევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, როდესაც ადამ ლალანას შეცდომის შედეგად ისკოს მართებდა გოლის გატანა, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მომდევნო ეპიზოდში “ლივერპულმა” “რეალს” მაინც აჩუქა გოლი, როცა კარიუსმა კურიოზული შეცდომა დაუშვა და ბენზემას გაატანინა – 1:0. მერსისაიდელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს: 55-ე წუთზე კუთხურის შესრულების შემდეგ რამოსს მეორე სართულზე ბრძოლა დეიან ლოვრებმა მოუგო, შემდეგ კი ბურთს მიმართულება სადიო მანემ შეუცვალა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ მადრიდელები დაეუფლნენ. 61-ე წუთზე მოედანზე ისკოს ნაცვლად გარეტ ბეილი შემოვიდა, რომელმაც ზუსტად სამ წუთში აკრობატულ ნახტომში შესანიშნავი გოლი გაიტანა და “სამეფო კლუბი” დააწინაურა – 2:1. 83-ე წუთზე მერსისაიდელებს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ: ბეილის მიერ შორეული უძლიერესი დარტყმის შემდეგ კარიუსმა ბურთის დაჭერა სცადა, თუმცა ხელებიდან გაუვარდა და მადრიდელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
ამრიგად, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მესამედ გახდა, სულ კი ტურნირი მე-13-ედ მოიგო, რაც უნიკალური შედეგია.
ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“რეალი” — “ლივერპული” 3:1 (0:0)
“რეალი”: ნავასი; კარვახალი (ნაჩო 37′), რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (ბეილი 61′); რონალდუ, ბენზემა (მარკო ასენსიო 89′).
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდრ არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, მილნერი (ემრე ჯანი 83′), ვეინალდუმი; სალაჰი (ლალანა 31′), მანე, ფირმინო.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: ბენზემა 51′, ბეილი 64′, 83′ — მანე 55′.
გაფრთხილება: მანე 82′.
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).