“რეალი” დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავიდა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის “შალკე” მიიღო.
აღნიშნულ მატჩთან დაკაშირებით გულშემატკივარტა უმრავლესობის პროგნოზი არ გამართლდა და ბერნაბეუზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ანგარიში მე-20 წუთზე “შალკემ” ფუხსის გოლით გახსნა, რაზეც მასპინძლებმა მეტოქეს 5 წუთში რონალდუს გოლით უპასუხეს. გელზენკირხენელები მეორედ მე-40 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა რონალდუმ ამჯერად ჰუნტელაარს 45-ზე უპასუხა და ტაიმიც ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტში უკვე მადრიდელები დაწინაურდნენ, როდესაც 52-ე წუთზე გოლი ბენზემამ გაიტანა. გასათანაბრებლად მესამედაც 5 წუთი გახდა საჭირო – დებიუტანტმა სანემ კასილიასის კარი საკმაოდ ეფექტური დარტყმით დალაშქრა.
მატჩი განსაკუთრებით 84-ე წუთზე დაიძაბა, როცა ჰუნტელაარმა ლამაზი გოლით საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. დარჩენილ წუთებში “შალკე” მთელი გუნდით უტევდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 3:4 და მომდევნო ეტაპზე “რეალი” ითამაშებს.