„რომამ“ „ნაპოლი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „რომასა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული პირველი მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოო ჯამში, ის რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით განვითარდა და რომაელები უკვე მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ფრანჩესკო ტოტიმ ჟერვინიო მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმაც არ დაახანა და მასპინძლები დააწინაურა. „მგლებმა“ უპრატესობა 32-ე წუთზე განამტკიცეს, შორი მანძილიდან კევინ სტროტმანის დარტყმულს პეპე რეინამ ვერაფერი მოუხერხა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელები გონს მოეგნენ და შეხვედრის 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გამჭოლი პასი რომაელთა მეკარე მორგან დე სანკტისმა ვერ შეაჩერა, მეტიც – ბურთი კარში წავიდა და სხვაობაც შემცირდა. მატჩის 70-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ანგარიში სულაც გაათანაბრეს, გოლი დრის მერტენსის ანგარიშზეა. „ჯალოროსომ“ შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე მაინც მოახერხა მესამე გოლის გატანა და მატჩის გამარჯვებით დასრულება, თავი ამჯერადაც ჟერვინიომ გამოიჩინა.
განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში, 12 თებერვალს გაიმართება.
იტალიის თასი
ნახევარფინალი
„რომა“ — „ნაპოლი“ 3:2 (2:0)
გოლები: ჟერვინიო 13′, 88′, სტროტმანი 32′ — დე სანკტისი 47′ (ა.გ.), მერტენსი 70′.
გაფრთხილებები: ნაინგოლანი 39′ — ინლერი 85′.