საქართველო დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიასთანაც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელმაც პირველ ტურში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. რაც შეეხება გიორგი დევდარიანის გუნდს, შეგახსენებთ, რომ მან ესპანეთთან ანგარიშით 1:4 წააგო.
მატჩი ქართველებისთვის ცუდად დაიწყო – მე-3 წუთზე შულაიას მხრიდან მასედოს წაქცევისთვის მთავარმა მსაჯმა გოშაძის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომლის ზუსტად შესრულება პედრო როდგირესს არ გასჭირვებია – 0:1.
სამ წუთში დევდარიანის გუნდმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, თევზაძის ჩაწოდებას ბერიძე გამოეხმაურა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამ წუთში შულაიას შორეული დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა.
მე-18 წუთზე პორტუგალიას ჩვენი კარის აღების კიდევ ერთი შანსი ჰქონდა – გოშაძემ საჯარიმოში შეჭრილი მასედოს დარტყმულის მოგერიება მოახერხა.
21-ე წუთზე ხარაიშვილმა მარცხნიდან გოშთელიანი პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელის დარტყმულს კი მეკარე ჟოელი გაუმკლავდა. ერთ წუთში გოშთელიანმა ბურთი უკვე საპირისპირო ფლანგიდან მიიღო, მაგრამ გოლამდე კვლავ ცოტა დააკლდა. 26-ე წუთზე ზარანდიამ შორიდან დარტყმა სცადა, რაც კვლავ უშედეგოდ დასრულდა, ხუთ წუთში კი ხარაიშვილს გოლის გატანის შანსი კვლავ მეკარემ არ მისცა.
33-ე წუთზე საჯარიმო ხაზთან პედრო როდრიგესმა შულაია წააქცია, მსაჯმა სახიფათო ჯარიმის ნაცვლად ქართველს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. ერთ წუთში ჟოტა გოშაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო – ქართველმა მეკარემ მას აჯობა და ბურთს მშვიდად დაეუფლა.
39-ე წუთზე მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი ზარანდიამაც მიიღო.
ხუთ წუთში ოთარ კიტეიშვილის ჩინებული დარტყმა მეკარემ მოიგერია, დანიშნული კუთხური შედეგად თავისი შანსი მალანიამ გამოიყენა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – ამჯერად ჯოელმა თავის გუნდს ვერ უშველა – 1:1.
პორტუგალიელებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პირველი ცვლილება გამოიყენეს, დალსიოს ადგილი ფლავიო სილვამ დაიკავა. როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორჟესმა ცვლილება გამოიცნო… მანამდე კი მეტოქის საჯარიმოში გოშთელიანმა ხარაიშვილის პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გაუჭირდა – 2:1, საქართველო დაწინაურდა!
56-ე წუთზე პორტუგალიას მეორე ცვლილების გამოყენებაც მოუწია, რენატო სანჩესის ადგილი ჟილ დიასმა დაიკავა.
რაც შეეხება გიორგი დევდარიანის ცვლილებებს, პირველად მან 61-ე წუთზე თევზაძე ჩაბრაძით შეცვალა.
69-ე წუთზე ჟოტას გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, რომ არა გაგი მარგველაშვილის კარგი თამაში, პორტუგალიელთა 18 ნომერი, სავარაუდოდ, ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდა. ერთ წუთში ბორჟესის გუნდმა ჩვენი კარი მაინც აიღო – მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმოში ფლავიო სილვას რამდენიმე მცველი ხელს უშლიდა, შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ „მაკრატელას“ შესრულება და გოლის გატანა მაინც მოახერხა – 2:2…
აღსანიშნავია, რომ ექვს წუთში მესამე და გადამწყვეტი გოლი პორტუგალიის მხრიდან კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გაიტანა. ამჯერად საჯარიმოში შესულ ჟილ დიასს გოშაძის კარის აღება არ გასჭირვებია – ნელი დარტყმით ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა.
დარჩენილ დროში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 87-ე წუთზე კამათისთვისა და ბურთის სროლისთვის დევდარიანის გუნდის კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო – საქართველო კაცნაკლული დარჩა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან პირველი მატჩი ზარანდიამ ასევე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. ხარაიშვილის კუთხურს თავური დარტყმით მარგველაშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ჟოელი დამატებაზე გოშთელიანის დარტყმულსაც გაუმკლავდა, ანგარიში უცვლელი დარჩა, ცოტა ხანში მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – 2:3 და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კვლავ დასანანი მარცხი განიცადა.
საქართველო U19 – პორტუგალია U19 2:3
გოლები: მალანია 45′, გოშთელიანი 49′ – როდრიგესი 3′ (პენ.), ფლავიო სილვა 70′, დიასი 76′
საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (ჩაბრაძე 61′), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, გოშთელიანი, ბერიძე (კვირკვია 71′), შულაია (მოხევიშვილი 75)
პორტუგალია: ჟოელი (კაპ), ჟორჟე სილვა, ვერდასკა, პედრო როდრიგესი, რენატო სანჩესი (ჟილ დიასი 56), მასედო (ალეშანდრე სილვა 72′), ჟოაო ლიმა, დალსიო (ფლავიო სილვა 46′), ანდრე ჰორტა, პაულო ენრიკე, ჟოტა
გაფრთხილებები: შულაია 32′, ზარანდია 39′, კიტეიშვილი 61′, ჭანტურია 84′, ზარანდია 87′ გოშთელიანი 89′ – ჟილ დიასი 67′, ალეშანდრე სილვა 84′, ჟოტა 88′
ელიტრაუნდის მესამე და ბოლო შეხვედრას ჩვენი 19-წლამდელები ოთხშაბათს, სამ ივნისს გამართავენ, მათი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება, რომელიც დღეს გამანადგურებელი ანაგრიშით ესპანეთთანაც დაამრცხდნენ – „ფურია როხამ“ 5:0 გაიმარჯვა.