საქართველო – მალტა: გენერალური რეპეტიცია და ძველი ნაცნობების შეხვედრა
25 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები კახა ცხადაძის თავკაცობით პირველ შეხვედრას გამართავს. გერმანიის ნაკრებთან წლის პირველ ოფიციალურ მატჩამდე ჯვაროსნები გენერალურ რეპეტიციას მალტასთან გაივლიან.
პირდაპირ ვთქვათ, რომ მალტელები უძლეველ მეტოქეთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან და ცხადაძესაც სანაკრებო კარიერის დაწყება გამარჯვებით მოეთხოვება, რისი სურვილი თავადაც დიდი ექნება. სამწუხაროდ, მისი პირველი სანაკრებო შეკრება უსიამოვნო ფაქტების გარეშე არ დაწყებულა. საუბარი გიორგი მერებაშვილზე გვაქვს, რომელმაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ამვოარდნის შემდეგ უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა და ცხადაძის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში თამაშზე უარიც განაცხადა, რაც იმედია ნაკრების განწყობაზე უარყოფითად არ აისახება. მით უმეტეს, რომ ნაკრებში მოთამაშეთა ურავლესობა საკმაოდ კარგ ფორმაში ჩამოვიდა. რთული გასახსენებელია თუ როდის ჰქონდათ უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს ასეთი წარმატებული და რაც მთავარია შედეგიანი პერიოდი. სანაკრებო პაუზადმე უკანასკნელ ორ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გატანილი გოლებით მთელი ევროპის მასშთაბით გამოიჩინეს.
ყურადღება დადებით ფაქტებზე გავამახვილეთ და ისიც ვთქვათ, რომ მალტა იმ გუნდების რიცხვს მიეკუვნება, რომელთანაც საქართველოს ნკრებს დადებითი ბალანსი აქვს. მალტელებთა ჩატარებულ 7 შეხვედრიდან ჯვაროსნებმა 4 მოიგეს, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2006 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კი გამარჯვება მალტელებმა მოიპოვეს.
მალტელები საქართველოში მნიშვნელოვანი დანაკლისით ჩამოდიან. გუნდს მთავარი შემტევი მაიკლ მიფსუდი დააკლდება, რომელიც იტალიასთან წაგებულ შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო თბილისში გასამართი მატჩიდან სამ დღეში აზერბაიჯანთან ოფიციალურ შეხვედრასაც გამოტოვებს. ამის გათვალისწინებით, მალტელთა სამწვრთნელო შტაბმა საქართველოში გამგზავრებმა მიფსუდის გარეშე ამჯობინა. აღსანიშნავია, რომ მიფსუდს, რომელიც ამჟამად სამშბლოში თამაშობს და “სლიემას” ღირსებას იცავს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ 4 შეხვედრაში გოლი 3-ჯერ აქვს გატანილი. მალტელთა “სპეციალისტი” ჯვაროსნებსაც ჰყავთ და ეს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა, რომლის სანაკრებო კარიერაში 5 გოლიდან 3 კუნძულელთა კარშია გატანილი.