საქართველომ ჰოლანდია დაამარცხა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჰოლანდიას ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის დიდი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები თავს კარგად იცავდნენ. კარგი იყო ნადირაძეც, რომელმაც მეტოქის რამდენიმე დარტყმის მოგერიება შესძლო.
მომენტები ჩივაძის შეგირდებსაც ჰქონდათ. ქართველები ძირითიადად სტანდარტულებიდან და კონტრშეტევებზე ქმნიდნენ ხიფათს. გატანის კარგი შანსები გრიგალაშვილს და ძალამიძეს მიეცათ, თუმცა უშედეგოდ.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა. ჭანტურიას შესრულებული ჯარიმა ძელმა მოიგერია, რის შემდეგაც ჰოლანდიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით “ჩიხურას” ნახევარმცველმა ისარგებლა და ანგარიშის გახსნა შესძლო.
მატჩის ბოლო წუთები ჰოლანდიელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველმა მოთამაშეებმა ანგარიშის შენარჩუნება შესძლეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი 11 ქულით, მესამე პოზიციაზე დაასრულა. თუმცა, მეოთხე ადგილზე მყოფ შოტლანდიის ნაკრებს აქტივში 7 ქულა და ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჰოლანდია 0-1 საქართველო
გოლი: ჯიღაური 71′
ჰოლანდია: ჰანი, ტე ვეირიკი (ლიგეონი 46′), რეკიკი, აკე, ვან დერ ჰოორნი (ლოკადია 78′), ვან გინკელი, ებესილიო, ვილენა, კასტაიგნოსი, ბოიეტუსი, ონდაანი (ჰუპერტსი 56′)
მწვრთნელი: ადრი კოსტერი
საქართველო: ნადირაძე, კაკაბაძე, კობახიძე (ნ.ჭანტურია 79′), დვალი, თედორე გრიგალაშვილი, ცინცაძე (ენდელაძე 88′), პაპავა, ჯიღაური, გ.ჭანტურია, ძალამიძე, ქვილითაია (პაპუნაშვილი 59′).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე