საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რუსეთი დაამარცხა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩრდილოელ მეტოქეს 71:66 სძლია და „ბ“ ჯგუფში, სადაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და მონტენეგრო არიან თავმოყრილნი, ლიტვასთან საპატიო მეორე ადგილს იყოფს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე გამარჯვებაა – პირველ ტურში ქართველებმა მონტენეგროს 72:53 სძლიეს, რის შემდეგაც საფრანგეთთან დიდი სხვაობით წააგეს.
რუსეთთან მატჩის შემდეგ თურქეთში დავუკავშირდით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს…
-რუსეთთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი იყო, თუმცა შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო. ჩვენს ნაკრებს გუშინ საფრანგეთთან რთული მატჩი ჰქონდა. ვერ ვიტყვი, ფრანგებს გადაზრდილი მოთამაშეები ჰყავსო, მაგრამ თუკი ის ბიჭები, რომლებსაც გუშინ ვეთამაშეთ, მართლა 15-16 წლისანი არიან, ბრაქალა მათ. გუშინ ჩვენ ჩამოყალიბებული, თითქმის ზრდასრული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან გადაიღალნენ. გოგა ბითაძემ მუხლი იტკინა და გადავრჩით, რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო.
– ბითაძემ რუსეთთან ითამაშა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა…
– მას საფრანგეთთან მატჩში მუხლი ეტკინა და ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა. რუსებთან მან კარგად ითამაშა, თუმცა გამორჩევა არავისი მინდა. რუსეთთან მატჩით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება, რომ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ და რუსებს მხოლოდ 5-ქულიანი მარცხი ვაკმარეთ.
– შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
– შედეგიც საჭიროა, თუმცა მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ამ უძლიერეს ტურნირში იღებს. თუ ღმერთმა ქნა და ხვალ ლიტვას მოვუგეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოგვეცემა და მერე უკვე მართლაც სხვა სიმაღლეზე ავალთ. არადა, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის თუ ვერ მოვხვდით, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და მატჩებს მაინც საკმარისად ჩავატარებთ. 5 დღეში 5 შეხვედრა უნდა გავმართოთ და ეს ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ტურნირი. 2 თებერვალი. კონია
რუსეთი 66:71 საქართველო
14:13, 17:24, 20:12, 15:22
სრული სტატისტიკა: 66:71
gbf.ge