საქართველოს თასს დინამო დაეუფლა
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. ერთამანეთს “დინამო თბილისი” და “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” ფეხბურთელებმა შექმნეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გველესიანი გამოეხმაურა და კარგადაც დაარტყა, თუმცა სომხიშვილი დამაჯერებელი იყო.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი მე-20 წუთზე მოხდა. “დინამოს” მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გაბედავა რჩებოდა, თუმცა რეხვიაშვილთან შეჯახების შემდეგ გაზონზე აღმოჩნდა. შეხვედრის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ აღნიშნული ფოლი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და თბილისელთა 23-ე ნომერს წითელი ბარათი უჩვენა. სახიფათო ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ უხეიროდ.
ამ ეპიზოდიდან 3 წუთში “დინამომ” ანგარიში გახსნა. ლორიამ საკუთარი საჯარიმოდ გრძელი გადაცემით ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან გაგზავნა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა საჩხერელებმა მოიგეს, თუმცა კაშიამ თავით არაზუსტად ითამაშა და ბურთი ჩისკოს დაუგდო. ესპანელი ლეგიონერი დასარტყმელ პოზიციაზე შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
გატანილი გოლის შემდეგ ჟვანიას გუნდმა უპირატესობა შეგნებულად დათმო და მეორე ნომრად ითამაშა. “ჩიხურამ” ბურთი და ტერიტორიული უპირატესობა მიიღო, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო გიორგი ხიდეშელი, რომელმაც გაძევებული რეხვიაშვილი პოზიცია დაიკავა. ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა ფაქტობრივად ყველა საჰაერო ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და დღევანდელ მატჩში “ჩიხურას” ერთ-ერთი მთავარი იარაღის განეიტრალება შესძლო.
მეორე ნახევარში ფრუიძის გუნდმა ტემპს უმატა, რაც მალევე გატანილ გოლში გარდაისახა. 50-ე წუთზე მრაცხენა ფლანგიდან სწრაფი შეტევის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ დათუნაიშვილს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
“დინამოს” უპირატესობის დასაბრუნებლად ზუსტად 10 წუთი დასჭირდა. ჩისკოს შესანიშნავი თამაშის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ოთარ მარცვალაძე აღმოჩნდა, რომელმაც სომშივილს ერთი შეხებით, ეფექტურად გაუტანა – 2:1.
“ჩიხურას” რამდენიმე წუთში კვლავ ჰქონდა გათანაბრების შანსი. ჯარიმიდან გაბედავას დარტყმული ძელმა მოიგერია.
დარჩენილ დროში უპირატესობას “ჩიხურა” ფლობმდა. აქტიური იყო შეცვლაზე შემოსული ბესიკ დეკანოიძე. სწორედ მის გარღვევას მოჰყვა საკამთო ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი საჩხერელთა 51-ე ნომერი კვირკველიასთან ორთაბრძოლის შემგედ წაიქცა, თუმცა არბიტრმა ყვითელი ბარათი სწორედ დეკანოიძეს მისცა.
ბოლო წუთებში ფრუიძის გუნდმა შტურმის მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. “დინამომ” დავით ყიფიანის თასი კიდევ ერთხელ მოიგო.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა სამწუხაროა, რომ გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვალდებულები ვიყავით უპირატესობა გამოგვეყენებინა.
“დინამო” კარგი, გამოცდილი გუნდია და თავის შანსებს მაქსიმალურად იყენებს. ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ შემოქმედებითი ფეხბურთის ჩვენება ვერ მოვახერხეთ.
მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ დეკანოიძის ეპიზოდში პენალტი ნამდვილად იყო.
“დინამოს” გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.
მალხაზ ჟვანია (დინამო): წითელი ბარათის გამო საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა. ჩვენ ხასიათი გამოვაჩინეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ჩემს მომავალზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები