სენსაცია უცნაური გოლებით
დინამო არენაზე გამართული საქართველოს ჩემპიონატის XIX ტურის შეხვედრა “დინამოსა” და “სიონს” შორის სენსასციური შედეგითა და მეტად უცნაური გოლებით დაამახსოვრდა გულშემატკივარს.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურობით დაიწყეს. გოლის გატანა გიორგი მერებაშვილს და დორინ გოგას შეეძლოთ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
დინამოელებს ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეძლოთ. გველესიანის დარტყმულის შემდეგ მირზა მერლანმა სიონი გაშვებული გოლისგან იხსნა.
ამის შემდეგ კი, გოლების დროც დადგა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელის გამო შეჩერებული თამაშის შემდეგ დინამოელმა ჩისკომ ბურთის “სიონის” მეკარესთვის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ესპანელის დარტყმის შემდეგ ბურთი მერლანს გადაახტა და კარში აღმოჩნდა. დინამოელებმა ფეარ-პლეის პრინციპი დაიცვეს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ცენტრიდან ბურთის თამაშში შეტანისთანავე მისცეს.
მატჩის 78-ე წუთზე დინამოელთა რიგებში ოთარ მარცვალაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე ჩისკოს ნაცვლად შემოვიდა. მაგრამ, რუსეთიდან დაბრუნებულმა ფოვარდმა ვერაფერი შექმნა. გადამწყვეტი კი შეხვედრის 85-ე წუთი აღმოჩნდა. როდესაც, “სიონის” ფეხბურთელმა ჯაბა უგულავამ გველესიანის შეცდომით ისარგებლა და ბოლნისელებს სამი ქულა მოუტანა.
მატჩის შემდეგ
ვლადიმერ ბურდული: თავიდანვე ვიცოდით, როგორი რთული თამაში იქნებოდა. დასრულებული მატჩების ანგარიშებიც ვიცოდით და შესაბამისად მოვემზადეთ. მალხაზს მინდა მადლობა ვუთხრა კარგი თამაშისთვის და ფეარ-პლეის პრინციპების დაცვისთვის. აღვნიშნავ, რომ დინამო კარგ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ ამ კლუბს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული დინამოში და ჩემთვის უსაყვარლესი გუნდია. დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო.
მალხაზ ჟვანია: ვულოცავ სიონს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემს გუნდს- თამაში უფრო მეტად დასალაგებელია, რასაც დრო სჭირდება. მოგვიახლოვდა მეორეადგილოსანი და უფრო მეტადაა საჭირო თამაშის გამოსწორება.
დინამო 1:2 სიონი
გოლი: 1:0 ჩისკო 72’ 1:1 კახელიშვილი 75’ 1:2 უგულავა 85’
გაფრთხილება: გოგა 56’ ცხადაია 90’
დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე (გორგიაშვილი 54), მერებაშვილი, პაპავა, კვირკველია, გოგა (ვუო 62), იანსე, ჩისკო (მარცვალაძე 78), გველესიანი, ძარია
სიონი: მერლანი, თოთაძე, სვანიძე (იმედაშვილი 60), აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (აფციაური 70), ადამია (უგულავა 64), კახელიშვილი
მსაჯი: ლაშა სილაგავა