სერბეთის ნაკრებმა თბილისიდან დაგეგმილი სამი ქულა წაიღო
საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 1:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა. ალექსანდარ კოლაროვის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა ნიკა კაჭარავამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0. მოგვიანებით უპირატესობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ვაკო ყაზაიშვილსაც მიეცა, მაგრამ მის ძლიერ დარტყმულს მეკარე გაუმკლავდა. პირველ ტაიმში ყაზაიშვილს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა მეკარესთან ერთი ერთზე მყოფმა ვერც ზუსტად დაარტყა და არც უკეთეს პოზიციაზე მდგარ ანანიძეს მისცა პასი. ქართველი ფეხბურთელები მაქსიმალურად მჭიდროდ თამაშობდნენ და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ხშირად ჯარიმდებოდნენ, ტაიმის მიწურულს კი გაშვებულ გოლს მაინც ვერ გადავურჩით. საჯარიმოში შეჭრილი ფილიპ კოსტიჩი ოთარ კაკაბაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. დუშან ტადიჩმა პენალტი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა – 1:1. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
64-ე წუთზე სერბები დაწინაურდნენ: მოედნის შუაგულში მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ საგოლე ეპიზოდი ტადიჩმა განავითარა, რომელმაც საჯარიმოს წინ უყურადღებოდ დარჩენილი მიტროვიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა ბურთი გაისწორა და საგოლე დაარტყა – 1:2. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მიატ გაჩინოვიჩმა, რომელმაც პირველი სანაკრებო მატჩი ჩაატარა, გიორგი ლორიას კარში მესამე გოლიც გაიტანა და ინტრიგა საბოლოოდ მოკლა – 1:3.
სერბეთის ნაკრებმა თბილისიდან დაგეგმილი სამი ქულა წაიღო.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
V ტური
საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (არაბიძე 70′), კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია (ჯიღაური 90′), კვეკვესკირი, ყაზაიშვილი (ქვილითაია 83′), ანანიძე, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივანოვიჩი, ა. მიტროვიჩი (გუდელი 71′), ტადიჩი, კოლაროვი, მილოვეჟოვიჩი, კოსტიჩი (გაჩინოვიჩი 81′), მაქსიმოვიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (ვუკოვიჩი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი.
გოლები: კაჭარავა 6′ – ტადიჩი 45′ (პენ), მიტროვიჩი 64′, გაჩინოვიჩი 86′.
გაფრთხილებები: კანკავა 43′, კაკაბაძე 45′
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია).